24 ოქტომბერი 2020,   01:26
ვრცლად
ქვეყნის ისტორიის მანძილზე ყველაზე გრძელი კომენდანტის საათი უქმდება - ქუჩებში გადასაადგილებლად სპეციალური საშვები აღარავის დასჭირდება

კომენდანტის საათი, რომელიც ქვეყნის ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდხანს გაგრძელდა, დღეს, ზუსტად 12.00 საათზე მოიხსნება. თითქმის ორთვიანი აკრძალვის შემდეგ, 21 საათიდან ქალაქის ქუჩებში გადასაადგილებლად სპეციალური საშვები აღარავის დასჭირდება. 53 დღიანი შეზღუდვის გაუქმების გადაწყვეტილება, საკოორდინაციო საბჭომ ეპიდსიტუაციის შესწავლის შემდეგ მიიღო.

ქვეყანაში კომენდანტის საათის პარალელურად უქმდება საგანგებო მდგომარეობაც, თუმცა შენარჩუნდება რამდენიმე შეზღუდვა. 2 ადამიანზე მეტის გადაყვანის აკრძალვა კვლავ ძალაში რჩება ტაქსის მძღოლებისთვის. ამ დრომდე უცნობია, როდის აღადგენს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მკაცრი რეჟიმის მოხსნასთან ერთად მსუბუქდება გარკვეული შეზღუდვებიც. 64-დღიანი გაჩერებული საქმიანობის შემდეგ, დღეიდან ქვეყანაში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურებაც აღდგა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სტომატოლოგიურ დაწესებულებებს საქმიანობის ახალი წესები დადგინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში არსებული 1500-მდე კლინიკიდან მუშაობის გაგრძელების სურვილი 279-მა გამოთქვა. შემოწმების შემდეგ კი, საქმიანობის განახლების უფლება მხოლოდ 165 მათგანს მიეცა.

ზამთრის კოლექციის საზაფხულო სამოსით ჩანაცვლება უკვე დაწყებული აქვთ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებში. ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილურობის შემთხვევაში, ივნისიდან შესაძლებელი გახდება ტანსაცმლის შეძენაც. ამავე პერიოდიდან დასაშვები გახდება მოლების ფუნქციონირებაც.

ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული რეგულაციების შესრულება და ტურისტების მისაღებად მზადება უკვე დაწყებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. შიდა ტურისტული სეზონი საქართველოში 15 ივნისიდან გაიხსნება. ზუსტად 15 დღის შემდეგ, 1 ივლისიდან კი, ხელისუფლება საერთაშორისო ტურისტების მიღებას გეგმავს.

დღის ამბები