26 სექტემბერი 2020,   14:36
ვრცლად
რა არის კავასაკის სინდრომი, რა საფრთხეებს შეიცავს და რა კავშირი აქვს ამოუცნობ დაავადებას COVID-19-თან

კავასაკის სინდრომი ბავშვთა იშვიათი დაავადებაა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე უფრო გახშირდა. გაიზრდა ასაკობრივი ზღვარი - თუ მანამდე ინფექცია 5 წლამდე ასაკში ვლინდებოდა, ახლა სინდრომი 12 წლამდე მოზარდებშიც დაფიქსირდა. კორონავირუსთან ასოცირებული გართულებები შიშს და პანიკას იწვევს მშობლებში. ინფექციონისტები ამბობენ, რომ კავასაკის სინდრომის უმეტესი შემთხვევები განკურნებით მთავრდება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსი რთული ვირუსული ინფექციაა, მის ფონზე განვითარებული ახალი ინფექცია, შესაძლოა, გართულებებით დასრულდეს.

კავასაკის სინდრომი, იგივე კან-ლორწოვან ჯირკვლოვანი ცხელება უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა. ის აქტიურდება სხვადასხვა ეპიდემიის ან პანდემიის დროს. ახასიათებს მაღალი ცხელება, ქუნთრუშის მსგავსი გამონაყარი, კიდურების შეშუპება, ლიმფური ჯირკვლების გადიდება და თავლის ანთება. ინფექცია აზიანებს, პირველ რიგში, გ

ულსისხლძაღვთა სისტემას და რადგანაც კორონავურუსიც იდენტურად სისხლძარღვებს ასუსტებს, მეტი ყურადღებაა საჭირო და სპეციალისტებიც ურჩევენ მშობლებს, ნებისმიერი ასეთი სიმპტომის შემთხვევაში, დროულად მიმართონ პედიატრს

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული კავასაკის სინდრომი არცერთ ინფიცირებულ ბავშვში არ გამოვლენილა. კოვიდ 19-ით სულ 50 მოზარდი დაავადდა. ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებაში 20-მდე მოზარდი რჩება. ექიმების ინფორმაციით, ყველას შემთხვევაში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში,  პედიატრების მეთვალყურეობა აუცილებელია.

კავასაკის სინდრომი ახალი დაავადება არ არის. მსოფლიო მას 70-ანი წლებიდან იცნობს და გამონაკლისი არც საქართველოა. კლინიცისტები და პედიატრები, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ამბობენ, რომ ინფექციის მკურნალობის პროტოკოლი არსებობს, თუმცა კორონავირუსიდან გამოწვეულ კავასაკის სინდრომის გამოვლენის შემთხევაში, პაციენტს სხვა სახის მკურნალობა დასჭირდება, რადგან დადგენილი მეთოდი, შესაძლოა, ეფექტური არ აღმოჩნდეს. ექიმი პედიატრი თემურ მიქალაძე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობს, რომ მას პანდემიამდე მსგავსი ინფექციით 20-მდე პაციენტი ჰყავდა. ბოლოს 5 თვის წინ, ერთი თვის ჩვილი კავასაკის სინდრომით მიიღო და სახლში გამოჯანმრთელებული გაუშვა.

ბავშთა ცენტრალურ საავადმყოფოში კავასაკის სინდრომით თვეში, საშუალოდ, ერთი დაავადებული მოზარდი ფიქსირდება, თუმცა, ყველას შემთხვევა დადებითი გამოჯანმრთელებით სრულდება.

კორონავირუსით გამოწვეული კავასაკის სინდრომის 85 ფაქტი გამოვლინდა შეერთებულ შტატებში, მათ შორის 3 ბავშვი გარდაიცვალა ნიუ-იორკში, ხოლო იტალიაში 10 შემთხვევა გამოვლინდა. კავასაკის სიმპტომები დაფიქსირდა ესპანეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც.

დღის ამბები