26 სექტემბერი 2020,   16:01
ვრცლად
საბანკო სესხების გადავადება კიდევ 3 თვით - მოსახლეობის რა კატეგორიას შეეხება შეღავათი

სასესხო მომსახურების გადასახადის კიდევ სამი თვით გადავადების გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას განმარტებით, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიიღო.

საბანკო შეღავათით ავტომატურად ისარგებლებს ყველა ის მოქალაქე, ვისი ხელფასის დაკარგვაც შემოსავლების სამსახურის ბაზაშია ასახული. კრედიტების გადავადება ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ ვისი შემოსავალიც პანდემიის პირობებში შემცირდა.

სესხის მომსახურების გადავადების გახანგრძლივებაზე დღეს განცხადება საბანკო ასოციაციაშიც გაკეთდა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შემოსავლის შემცირების გამო გადავადების მოთხოვნით კლიენტმა ბანკს 10 ივნისამდე უნდა მიმართოს. თუმცა, ასოციაციაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც ბანკი კლიენტისთვის კრედიტის გადასახადს გადაავადებს.

შეთავაზებას ბუნდოვანს და დამაზიანებელს უწოდებს ოპოზიცია. ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ კრედიტების შერჩევითი გადავადება უსამართლოა და სახელმწიფომ სესხებზე საერთო მორატორიუმი სექტემბრამდე უნდა გამოაცხადოს. მეორე ნაწილის აზრით, კი ხელისუფლების ეს ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო დაასუსტებს.

ოპოზიციისგან განსხვავებით კრედიტის მომსახურებაზე სამთვიანი შეღავათის დაწესების მეორე ეტაპს ეკონომიკურად გამართლებულს უწოდებს ფინანსთა მინისტრი. ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მოქალაქეების დახმარების პარალელურად მთავრობა საბანკო სექტორის გაჯანსაღების გეგმაზეც აქტიურად მუშაობს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა ეკონომისტების მხრიდან. ანალიტიკოსების ნაწილი სახელმწიფოს მოზიდული გრანტების ბიზნესის სტიმულირებაში დაბანდებას ურჩევს, მეორე ნაწილს გადაწყვეტილება მოსწონს, მაგრამ ხელისუფლებისგან ბანკებისთვის ზარალის საკომპენსაციო ნაბიჯებს ვერ ხედავს.

საბანკო სესხების მომსახურების გადავადებით პირველ ეტაპზე 600 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. საბანკო სექტორის პროგნოზით, იმავე შეღავათს მომდევნო სამი თვის განმავლობაში მსესხებელთა დაახლოებით 35% გამოიყენებს.

დღის ამბები