24 ოქტომბერი 2020,   02:06
ვრცლად
პანდემია 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურეს სიღარიბემდე მიიყვანს - როგორ აისახება მსოფლიო კრიზისი საქართველოზე

პანდემიის გამო დაპაუზებული მსოფლიო ეკონომიკა მიმდინარე წელს 5.5 %-ით შემცირდება - ასეთია მსოფლიო ბანკის პროგნოზი. მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ორგანიზაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კოვიდ19-ის ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი, უახლოეს თვეებში, მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურეს სიღარიბემდე მიიყვანს. დევიდ მალპასი სიღარიბის მაჩვენებლის გლობალური ნიშნულის 2017 წლის მონაცემებთან გათანაბრებას პროგნოზირებს.

პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი რომ საქართველოს მოსახლეობაზეც მწვავედ აისახება, ამას ეკონომისტებიც ადასტურებენ. ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსოფლიო გამოწვევასთან გასამკლავებლად ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა არასაკმარისია. ანალიტიკოსის აზრით, ერთჯერადი დახმარებების პარალელურად, აუცილებელია, ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვების მოხსნა, რაც მოქალაქეთა დიდ ნაწილს შემოსავლის წყაროს გაუჩენს.

მსოფლიო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული თანხებით საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ინსტიტუციების გამართვა და ფინანსების გრძელვადიან ეკონომიკურ პროექტებზე დახარჯვა - ეს ის მთავარი საკითხებია, რომლის განხორციელებაც ეკონომისტთა ნაწილს არსებული სიტუაციის დაძლევის ერთადერთ საშუალებად მიაჩნია. ანალიტიკოსები პანდემიის ფონზე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

ადგილობრივი წარმოების განვითარება და სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი გრანტების პრაგმატული ათვისება კრიზისის გადალახვის მთავარ ფაქტორად მიაჩნია ვახტანგ ჭარაიას. თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ანტიკრიზისული გეგმის სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ნაწილი სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეებისთვის შემოსავლის გაჩენის შანსი შეიძლება გახდეს.

როგორ აისახება საქართველოში სიღარიბის ზრდაზე მსოფლიო ეკონომიკური რეცესია, ჯერჯერობით, უცნობია. ამ დროისთვის, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 19 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ უკვე ცხოვრობს. მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2020 წელს 5 პროცენტი იქნება.

დღის ამბები