31 ოქტომბერი 2020,   11:39
ვრცლად
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - დაკავებული 10 პირიდან 9-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება 

ბავშვთა პორნოგრაფიის გახმაურებულ საქმეზე პირველ ეტაპზე დაკავებული 10 პირიდან დღეს ცხრამ დანაშაული აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმებაც გაუფორმდებათ. ესენი არიან  ამერიკის ერთი მოქალაქე, ფოტოგრაფი კარლ ვილიამსი და არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები.

საპროცესო შეთანხმება საპატიმრო ვადის შემცირებას გულისხმობს. აღიარების გარდა, მძიმე დანაშაულის ორგანიზატორებმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმეზე მეორე ეტაპზე დაკავებული მშობლების და მასწავლებლის ბრალეულობაზეც ისაუბრეს. ბრალდებულების თქმით, იმ ფოტოსესიის შინაარსზე, რომელშიც არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ, ყველა თანაბრად იყო ინფორმირებული. საერთო ჯამში, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სულ 21 პირია დაკავებული.

საპროცესო შეთანხმების მოლოდინშია დაკავებული მაია ციციშვილიც, რომელიც 9 თვე თავს დამნაშავედ არ ცნობდა, ახლა კი აღიარებს როგორც საკუთარ, ასევე დანარჩენი პირების ბრალეულობასაც. ციციშვილი მტკიცებულებების მიხედვით ამერიკელ ფოტოგრაფსა და მშობლებს შორის შუამავალი და დანაშაულის ორგანიზატორი იყო.

რატომ შეცვალეს ბრალდებულებმა პოზიცია 9 თვის შემდეგ - მეორე ეტაპზე დაკავებული მშობლებისა და მასწავლებლის ადვოკატებმა ამ საკითხის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ჩვენებები საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ შეიცვალა.

სოფელში, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, მოსახლეობას ისევ საკმაოდ ბევრი კითხვა აქვს. ადგილობრივებს მშობლების დანაშაულის არ სჯერათ. ამბობენ, რომ ყველა მათგანი ამერიკელი ფოტოგრაფის მსხვერპლია. ბრალდებულების აღიარების არც მათი ოჯახის წევრებს სჯერათ.

რით დასრულდება ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე და რა მოლოდინები აქვს სკოლის დირექციას, სადაც მოზარდები სწავლობდნენ, ჯერჯერობით უცნობია. სკოლის დირექტორი, ისევე როგორც ადგილობრივები, მხოლოდ მშობლების უდანაშაულობაზე საუბრობს. 

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პროკურატურაც, რომელშიც ნათქვამია, რომ პირველ ეტაპზე დაკავებული 10-დან 9 პირი ინანიებს და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. შესაბამისად, სასჯელი, სავარაუდოდ, ამერიკის მოქალაქეს 10 წლამდე, მშობლებს კი 5-დან 7 წლამდე შეუმცირდებათ.

პროკურატურის მიერ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ბრალდებულები გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობენ. საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 21 მაისს უნდა გაიმართოს, სადაც ცნობილი გახდება, კონკრეტულად რა პირობებით გაფორმდება ორ მხარეს შორის შეთანხმება.

დღის ამბები