24 ოქტომბერი 2020,   02:21
ვრცლად
საქართველოს ელჩებმა საქართველო, როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა, მსოფლიოს უნდა გააცნონ - პრემიერის დავალება დიპლომატებს

"საქართველო - უსაფრთხო დანიშნულების ადგილი" - ეს არის გზავნილი, რომელიც ქართველმა დიპლომატებმა თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საზოგადოებამდე უნდა მიიტანონ. გიორგი გახარია ელჩებს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ესაუბრა და განუმარტა, როგორ მიაწოდონ ადგილსამყოფელი ქვეყნებს ინფორმაცია.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმას, რომ საქართველომ "კოვიდ-19"-ის პანდემიის მართვა ეფექტურად შეძლო, წამყვანი ევროპული ქვეყნებიც ხაზგასმით აღნიშნავენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კრიზისი შესაძლებლობად იქცეს და ამ კუთხით მიღწეული წარმატებები კონკრეტულ შედეგებში კონვერტირდეს, რაც მსოფლიოში საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების ბრენდის დამკვიდრებას გულისხმობს.

საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრები უახლოეს პერიოდში მიიღებენ კონკრეტულ ინსტრუქციებსა და პროტოკოლებს, რომლებიც საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით იმოქმედებს და რასაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში გამოიყენებენ. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ელჩები კიდევ უფრო გაააქტიურებენ მუშაობას სხვადასხვა ქვეყანასთან უსაფრთხო, ე.წ. მწვანე დერეფნის ამოქმედებაზე, რაც უსაფრთხო საერთაშორისო მიმოსვლისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ვიდეოკონფერენციისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ან მათთვის ადგილზე დახმარების აღმოჩენის მიმართულებით გაწიეს. 

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი მონაწილეობდნენ.

დღის ამბები