31 ოქტომბერი 2020,   11:56
ვრცლად
ზუგდიდის ჩაკეტვის საკითხი ვირუსის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში - ალექსანდრე მოწერელია

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ზუგდიდის ჩაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოძიებულია ზუგდიდში ინფიცირებული ახალგაზრდა კაცის, ტრაილერის მძღოლის ყველა კონტაქტი, შესაბამისად, სანამ კონტაქტები მიკვლევადია, მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის საჭიროება არ დგას.

"პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების გადასაწყვეტი. ამდენად, ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი, რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. დღეის მონაცემებით, ყველა ის ინფიცირებული - ტრაილერის მძღოლის კლასტერის კონტაქტები, პრაქტიკულად ჯერჯერობით არის მიკვლევადი, შესაბამისად ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში, როდესაც გვექნება შემთხვევა, როცა ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ რა თქმა უნდა მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციებს და მითითებებს გავითვალისწინებთ"- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ბოლო მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებაში ტრაილერის მძღოლის კლასტერის 7 წევრი მკურნალობს, მისი 31 კონტაქტი კარანტინშია, 28 კი თვითიზოლაციაში, მათი ნაწილი ზუგდიდსა და ჩხოროწყუშია, თითო-თითო კი ფოთსა და მესტიაში.

დღის ამბები