24 ოქტომბერი 2020,   02:14
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია გიდები თუ ტურისტული მძღოლები მაქსიმალურად დაცულები იყვნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად ტურისტული ასოციაციების, მცირე, საშუალო და მსხვილი ტურისტული კომპანიების, გიდების ასოციაციების, ტურისტული ტრანსპორტის წარმომადგენლებთან და გიდებთან გამართა.

ონლაინ ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ. სამუშაო ონლაინ შეხვედრაზე მსჯელობა ძირითადად იმ თემის გარშემო წარიმართა, რაც არის სოციალური დისტანცირება, საქმიანობაში ჯანდაცვის ნორმების ინტეგრირება, ასევე განხილულ იქნა გიდების, ტურისტული და სატრანსპორტო კომპანიების თუ უშუალოდ მძღოლების ახალი რეგულაციები და მათი პასუხისმგებლობების ახალი არეალები.

„ეს შეხვედრა იყო კიდევ უფრო მეტად გაფართოებული ფორმატის. ტურისტული კომპანიები, ტურისტული ტრანსპორტი და ტურისტული გიდები ერთმანეთზე მჭიდროდ გადაჯაჭვული სამი მიმართულებაა, შესაბამისად ჩვენ მოვისმინეთ გიდების ასოციაციის, ონლაინ შეხვედრის უშაულო მონაწილე გიდების, ტურისტული კომპანიების, ტურისტული ასოციაციებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სატრანსპორტო კომპანიების მოსაზრებები და მივიღეთ უკუკავშირი. იყო საკმაოდ საინტერსო და ჯანსაღი დისკუსია. კერძო სექტორს ჰქონდა სრული თავისუფლება წარმოედგინა საკუთარი პოზიციები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი გაიდლაინები იყოს საფუძველი იმისა, რომ საქართველომ განაგრძოს იყოს უსაფრთხო მიმართულება, მაგრამ ამავდროულად რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ის ფაქტი რომ წინა ხაზზე მყოფი სექტორის წარმომადგენლი პირები, როგორებიც არიან გიდები თუ ტურისტული მძღოლები იყვნენ მაქსიმალურად დაცულები აღნიშნული ახალი გაიდლაინებით. ამისთვისაც შედგა დისკუსია, რომ ისეთი წესები შემუშავდეს, რომელიც პირველ რიგში დაიცავს ჩვენი მოქალაქეების და წინა ფრონტზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებას და მეორეს მხრივ პრაქტიკაში, სამუშაო რეალობაში მისი განხორციელება იქნება შესაძლებელი.“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

კერძო სექტორიდან მიღებული უკუკავშირის შემდგომ მოხდება თემის დამატებით დამუშავება. ახალ გაიდლაინებსა და წესებს საბოლოო ჩამოყალიბებული სახით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორს ისევ წარუდგენს.

დღის ამბები