24 ოქტომბერი 2020,   01:58
ვრცლად
ლოლა ჯიბლაძის კარანტინის ისტორიები - მხატვარმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი მეგობრების ისტორიები შეკრიბა და ტილოზე გადაიტანა

ლოლა ჯიბლაძის კარანტინის ისტორიები ნიუ-იორკიდან - ჩაკეტილ ქალაქში მხატვარმა საკუთარი მეთოდით გადაწყვიტა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი მეგობრების ისტორიები შეკრიბა და ტილოზე გადაიტანა. ნახატები პანდემიის დროს ადამიანების პირად ისტორიებს ასახავს. მხატვარი ცდილობს მომავალ თაობას კოვიდ-19-ის მეხსიერება ამ ფორმით შეუნახოს.

ლოლა ჯიბლაძე უკვე 14 წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს. ის მხატვარია საქართველოდან. ძირითადად დოკუმენტურ ფერწერას ქმნის. ასე დაიწყო მისი კარანტინის ისტორიებიც. მან ჩანახატებით მსოფლიო პანდემიის ყოველდღიურობები ასახა. გასართობად "ინსტაგრამზე" დაწყებული თხოვნა პროექტად იქცა და უკვე დღეს კარანტინის ისტორიების სერიას წარმოადგენს.

ამ პროექტისთვის პირველად მადრიდელმა მეგობარმა უამბო  პირადი ამბავი და სიყვარულის ისტორია. ამბავს ფოტოც დაურთო. ასე შეიქმნა პირბადიანი ამბორი. ეს იყო სიყვარულის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ჩავიდა პანდემიის დროს შეყვარებული მადრიდიდან ლონდონში და როგორ გამოემშვიდობნენ ერთმანეთს, სანამ საზღვრები ჩაიკეტებოდა. ლოლამ იმ ღამესვე ტილოზე გადაიტანა და ათასობით გამომწერს გაუზიარა იმის დასტურად, რომ მთავარია სიყვარული, კარანტინშიც და მის გარეთაც.

პირველ ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტრადიციულ და არატრადიციულ მედიაში ლოლას ნახატები გააზიარეს. ამ დროისთვის ტილოზე 100-მდე ამბავი აქვს გადატანილი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ახლა მუშაობს ამერიკელი ექიმის ისტორიაზე. ის ბედნიერია, რომ კორონავირუსის გავრცელებამდე სამედიცინო განათლების მიღება მოასწრო და ათასობით ადამიანს საკუთარი ცოდნით დაეხმარა.

ლოლა ჯიბლაძე ნიუ-იორკის სახელოვნებო საზოგადოებაში ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია.

ძირითადად იმ პროექტებზე მუშაობს, რაც იმ წუთისთვის ყველაზე აქტუალურია. ხატავს პოლიტიკურ თემაზე, ქალების უფლებების დასაცავად საკუთარი შემოქმედებით იბრძვის. მას შემდეგ, რაც ამერიკაში შეზღუდვები სრულად მოიხსნება, კარანტინის ისტორიებს უკვე არავირტუალურ სივრცეში, რომელიმე გალერეაში გამოფენს და COVID - 19-ის ისტორიულ მასალას მომავალ თაობას ამ ფორმით შეუნახავს.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები