24 ოქტომბერი 2020,   01:35
ვრცლად
დამცავი ფარები, დეზობარიერი და ნიღბები - სილამაზის სალონები ხვალიდან მკაცრი რეგულაციების თანხლებით იხსნება

ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის დასრულების შემდეგ ხვალიდან სილამაზის სალონები იხსნება, თუმცა მკაცრი რეგულაციების თანხლებით.

დამცავი ფარები, დეზობარიერი და ნიღბები - ეს ის აღჭურვილობებია, რომლის გარეშეც პანდემიის პირობებში მუშაობას ვერც ერთი სალონი ვერ გააგრძელებს.

მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემით იქნება შესაძლებელი. ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო იცვლება დახურულ სივრცეში მუშაობის წესებიც. ახალი რეგულაციების მიხედვით, სალონებში მომხმარებლებს შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა აუცილებელია.

სპეციალური რეკომენდაციები სილამაზის სალონებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შეიმუშავა. პროცესში ჩართულები იყვნენ სილამაზის სალონების წარმომადგენლებიც. წესების დარღვევის შემთხვევაში იურიდიულ პირს ფინანსური ჯარიმა ემუქრება.

ორშაბათიდან მხოლოდ ის სილამაზის სალონები იხსნება, რომლებმაც სრულად გაითვალისწინეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. შექმნილმა ვითარებამ, შესაძლოა, მომსახურების ფასებზეც იმოქმედოს. სილამაზის სალონები მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო დაიხურა.

 

ავტორი: ქეთი გამყრელიძე

დღის ამბები