31 ოქტომბერი 2020,   11:41
ვრცლად
იმიტირებული განგაში და მეხანძრე მაშველები დედაქალაქის 3 მეტროსადგურში - სასწავლო წვრთნა თბილისში

სიმულაციური სწავლების ფარგლებში შეტყობინების შესვლიდან რამდენიმე წუთში დედაქალაქის სამ მეტროსადგურთან ხანძრის სალიკვიდაციოდ მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოჩნდნენ. მათი მთავარი მიზანი კატასტროფის რისკის შემცირებაა.

იმიტირებული განგაშის გამოცხადების შემდეგ "სადგურის", "ნაძალადევისა" და "წერეთლის მეტროს" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეიზღუდა. შესაბამისმა სამსახურებმა კი, მეტროსადგურში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყეს.

სიმულაციური სცენარის მიხედვით, ხანძარი მოძრავ და სადგურში მდგომ მატარებლებში ერთდროულად გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე გამოცხადება და ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლეს. ორივე მატარებელში მყოფი პერსონალი და მგზავრები ბაქანზე გამოიყვანეს და ცენტრალური სადგურის, დადიანის და თევდორე მღვდლის ქუჩების გასასვლელებისკენ მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.

იმიტირებული წვრთნა 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და თბილისის მერიის 700-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ღონისძიების მიზანი მსგავსი შემთხვევებისთვის მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა.

სასწავლო წვრთნა სახელწოდებით - "მეტროპოლიტენი 2020" წელს პირველად ჩატარდა. რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიასთან ერთად მრავალფეროვან იმიტირებულ განგაშს პერიოდულად გეგმავს.

დღის ამბები