24 ოქტომბერი 2020,   02:26
ვრცლად
რატომ გადაიყვანეს დედას მოშორებული ჩვილი ზუგდიდში - აბოვიანების ოჯახი ბავშვის დაბრუნებას ითხოვს

სამუშაო დღე ტრეფიკინგის ფონდის ისანი- სამგორის ტერიტორიულ ერთეულში ხმაურით და დაპირისპირებით დაიწყო. ახალშობილი ბარბარე აბოვიანის ოჯახის წევრები იმ სოცილურ მუშაკთან შეხვედრას ითხოვდნენ, ვისი ნებართვითაც ბავშვი ოჯახს დროებით ჩამოაშორეს და სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანეს. სოციალური მუშაკი სამსახურში არ იმყოფებოდა. აბოვიანებმა და მათმა ნათესავებმა შენობა სიტყვიერი დაპირისპირების შედეგ დატოვეს.

ხმაურის გამო, ფონდმა დაცვის სამსახურს მიმართა. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციაც. შინაგან საქმეთ სამინისტროს წარმომადგენლებსა და აბოვიანებს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა. ჩვილის ოჯახის წევრებმა ისანი-სამგორის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და შვილის შინ დაბრუნება მოითხოვეს. მათი თქმით, ბავშვის ადგილსამყოფელი დადგენილია და ის სახელმწიფო ზრუნვაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტშია გადაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ჩვილის ნახვის უფლება აქვს, ტერიტორიული მდებარეობის გამო, სოციალურად დაუცველი ოჯახი ამას ვერ ახერხებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალშობილის გამგზავრება დამატებით კითხვის ნიშნებს უჩენს ბავშვთა უფლებადამცველ ანა აბაშიძეს. მესამე სექტორი სახელმწიფოს არ ადანაშაულებს, მაგრამ ამბობს, რომ გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო ფონდმა ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაცემის გადაწყვეტილება.

ტრეფიკინგის ფონდში განმარტავენ, რომ მაღალი რისკების შემთხვევაში, მათ აქვთ უფლება ბავშვი ოჯახიდან მშობლის ნებართვის გარეშე გაიყვანონ, მაგრამ ბარბარე აბოვიანის შემთხვევაში ასე არ მომხდარა. სპეციალისტები განმარტავენ, რომ დედა მარიამ გეთიაშვილს ამის შესახებ ჯერ კიდევ 1 მაისს აცნობეს და ამის მტკიცებულება არსებობს. მათივე თქმით, აბოვიანების ოჯახის მონიტორინგი და რისკების შესწავლა კვლავ გრძელდება, რის გამოც ოჯახთან სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.

ფონდში ამბობენ რომ, სოციალური მუშაკის შეფასებით, მშობლის მხრიდან არასათანადო მოპყრობა გამოიკვეთა. ბავშვის უგულებელყოფის შემცვლელი ფაქტები და სხვა გარემოებები, რის გამოც ჩვილი ოჯახიდან განაცალკევეს. ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა.

 

დღის ამბები