24 ოქტომბერი 2020,   02:10
ვრცლად
მსოფლიოში ფსიქიკური აშლილობის შემთხვევები გაიზარდა - რა შედეგები მოიტანა კორონავირუსის პანდემიამ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში ფსიქიკური აშლილობის შემთხვევები, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და კრიზისის თავიდან ასაცილებლად, დიდი ინვესტიციებია საჭირო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მსგავსად, ქვეყნებს ფსიქიკური პრობლემების საკითხზე ზრუნვისკენ მოუწოდებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანიც. ანტონიო გუტიერეშის თქმით, მთავრობებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვისაც კორონავირუსის გლობალური ეიფორიის გამო ფსიქიკასთან დაკავშირებული გართულებები აღენიშნება.

კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც კორონავირუსმა შექმნა, ეკონომიკური კრიზისია. დღეს სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში განაცხადა, რომ ვირუსით მიყენებული ფინანსური ზარალის აღმოსაფხვრელად ევროგაერთიანებას საკმაო დრო დასჭირდება.

პანდემიის შედეგად შენელდა ბრექსითის პროცესიც - ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობის სამომავლო ფორმები ჯერ კიდევ გაურკვეველია. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან სამართლებრივი საკითხების დროულად გადაჭრას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობას სერიოზული საფრთხე შეექმნას.

ახალი კორონავირუსის ვაქცინის უახლოეს მომავალში შექმნის თაობაზე დამაიმედებელი ინფორმაცია კვლავ არ ვრცელდება. ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ერთ წელიწადში იქნება მზად.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები