31 ოქტომბერი 2020,   12:39
ვრცლად
რომელი პაციენტები მიიღებენ რემდესივირს - კორონავირუსთან საბრძოლველად ახალი მედიკამენტი საქართველოში მაისის ბოლოს იქნება

საქართველო სოლიდარობის კვლევაში მაისის ბოლოდან ჩაერთვება. მოლაპარაკებები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქართველ კოლეგებთან დაასრულა.  ჯანმოს გადაწყვეტილებით, ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის მიერ აღიარებული წამალი რემდესივირი საქართველოში 3 სხვა პრეპარატთან ერთად შემოვა. ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მეთოდზე გადადიან, მედიკამენტები ქვეყანაში საჭირო რაოდენობით ჩამოვა და მათი გამოცდა 7 პროფილურ კლინიკაში მოხდება.

რემდესივირის გამოცდა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მისი ჩამოტანისთანავე დაიწყება. ის ქვეყანაში შეზღუდული რაოდენობით არ შემოვა, მაგრამ მძიმე პაციენტებზე გამოიყენებენ. გამოცდიდან დაახლოებით ერთ თვეში სპეციალისტები პრეპარატის შედეგებზე საუბარს შეძლებენ და მონაცემებს ჯანმოს გადაუგზავნიან.

სოლიდარობის კვლევის მთავარი კითხვის ნიშანი რემდესივირის ეფექტურობაშია. ქართველი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში აზრი ორად იყოფა. ახლა პრეპარატმა უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა ის კორონავირუსის სამკურნალო ერთადერთი ეფექტური საშუალება. ექიმებისთვის იმედისმომცემია ის სამი მედიკამენტიც, რომლებსაც რემდესივირთან ერთად საქართველოში გამოგზავნიან.

რემდესივირის შესახებ კვლევებს ეცნობიან საქართველოშიც. ექიმები პრეპარატის გამოყენების მექანიზმებსაც სწავლობენ, ამბობენ, რომ მისი გამოყენება იმ პაციენტებზე უნდა მოხდეს, რომლებიც სისხლში ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიან და რომლებიც მართვით სუნთქვაზე არიან. სპეციალისტები იმ კვლევების პირველად შედეგებს იხსენებენ, რომელთა პრეპარატმა ვირუსის ხანგრძლივობა ადამიანის ორგანიზმში რამდენიმე დღით შეამცირა.

რემდესივირს კრიტიკულად აფასებენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი სპეციალისტები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორიო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კვლევების ნაწილი იმედიანი შედეგის მოლოდინს არ აძლევს და რემდესივირი კორონავირუსზე გავლენას ვერ იქონიებს.

ქართულმა მხარემ რემდესივირის მწარმოებელ "გილეადთან" მოლაპარაკება ადრეულ ეტაპზე დაიწყო, მაშინვე, როცა გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ებოლას საწინააღმდეგო მედიკამენტს კორონავირუსთან საბრძოლველად პოზიტიური შედეგი ჰქონოდა.

"გილეადი" საქართველოს პარტნიორი კომპანიაა და უკვე წლებია, თბილისთან მჭიდროდ თანამშრომლობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში. ამერიკულმა კომპანიამ, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რემდესივირის დისტრიბუციის მექანიზმი შეცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებით, წამალი სოლიდარობის კვლევის ფარგლებში გაეროს წევრ 200-ზე მეტ ქვეყანას გადაეცემა და მათ შორის საქართველოა.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში ძირითადად ის სახელმწიფოები ჩართეს, სადაც მძიმე პაციენტების სტატისტიკა მაღალია, სიაში საქართველო მაინც მოხვდა.

დღის ამბები