31 ოქტომბერი 2020,   11:25
ვრცლად
როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - განმარტებები NCDC-ში 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე  ამბობს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ინფექციის ზრდის რისკს შეიცავს. მისი თქმით, ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს მსჯელობა და შესაბასი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. 

"როგორც იცით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც გახლავთ უმაღლესი ორგანო  ამ პროცესების კოორდინირება ქვეყანაში, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით. ბატონი პაატა და მე გახლავართ ამ საბჭოში და იქ მუდმივად მიმდინარეობს ბევრ საკითხზე მსჯელობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ეს გახლავთ მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკია ინფექციის ზრდისა, ამიტომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ამას მიეძღვნება ცალკე მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე - რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევს მოსახლეობას, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ ყველა მოქალაქემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისას უნდა იქონიოს პირბადე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის თქმით, ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესაბამისად მოხდება. ის არ გამორიცხავს, რომ რისკებისა და დაავადების გაზრდის შემთხვევაში, შეზღუდვები კვლავ ამოქმედდეს, მათ შორის ტრანსპორტზეც.  

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი რა თქმა უნდა, ამუშავდება და საჭიროა ამ ტრანსპორტის ამუშავება. ეს ადამიანთა გადაადგილების ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა ქალაქების შიგნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მნიშვნელოვანია ასევე საქალაქთაშორისო მიმისვლების აღდგენის პროცესში, თუმცა მთელი ამ აღდგენის პროცესი მოხდება აუცილებლად იმ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რაც წარმოიქმნება ყოველდღიურად და შეიძლება ყოველდღიურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული. ნებისმიერი ცვლილება საზოგადოებრივ გადაადგილებასთან ერთად, არის ასოცირებული შესაძლო რისკების მატებასთან და თუ ამ რისკების მატების შედეგად დადგა დღის წესრიგში დაავადების შემთხვევათა მატება, სამწუხაროდ, შეიძლება მოგვიწიოს უკუსვლების გაკეთებაც პერიოდულად და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე ამა თუ იმ სახით შეზღუდვების დაწესება. ამჟამად, როგორც ჩემთვის ცნობილია, მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის ყოფნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის შიგნით და მგზავრების მიერ პირბადეების გამოყენებას,“ - აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

დღის ამბები