24 ოქტომბერი 2020,   01:32
ვრცლად
რა საჭირო იყო იმ შეთანხმების აფეთქება მაშინ, როდესაც ნდობის ფაქტორი გაჩნდა- გრიგოლ ვაშაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმების დოკუმენტში პოლიტპატიმრების საკითხი ასახულია იმგვარად, როგორი ასახვაც საჭირო იყო იმ ტექსტში, რომლის მედიაციასაც საქართველოს მოკავშირე ქვეყნების დიპლომატები ახორციელებდნენ. ამ თემაზე გრიგოლ ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა და ასევე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებაზეც, რომ ოპოზიციას შეთანხმების ჩაგდება აწყობს.

"რა საჭიროა იყო იმ შეთანხმების აფეთქება მაშინ, როდესაც ნდობის ფაქტორი გაჩნდა და ერთად დავიწყეთ მოძრაობა საარჩევნო სისტემისკენ?

"ქართულ ოცნებას" რატომღაც ძალიან უყვარს რუსული ანდაზა, რომელსაც ქართულად თარგმნიან, რომ წიწილებს შემოდგომაზე დავითვლითო და ჩვენ რა ლეგიტიმაცია გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვაჩვენეთ ეს, როდესაც მათ გაყალბების უკიდურეს ზომებს მიმართეს და თავზე ლაფი დაისხეს.

იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ისეთი ტერმინი იხმარა, როგორიცაა პოლიტიკური პატიმარი, რაც საქართველოს დემოკრატიული რეპუტაციის აფეთქებაა. როგორ ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები ან ფინანსურ დახმარებას, ან ჩვენ მხარდაჭერას?" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, თუ შეთანხმების მეორე ნაწილი არ შესრულდა "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობას არ მიიღებს:

"კატეგორიულად გიდასტურებთ, რომ ეს ვალდებულებები იყო აღებული და ეს შეთანხმება არის დაფუძნებული 2 მთავარ კომპონენტზე: ეს არის საკონსტიტუციო ცვლიელებები და ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და ის საკითხები, რომელიც ჩვენთვის არის პოლიტპატიმრების საკითხი, ხელისუფლებისთვის კი შეიძლება გამხდარიყო, პოლიტიკურად კორექტულად რომ დავავორდინგოთ - ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც მაღალ პოლიტიკურ და სოციალურ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. თუ შეთანხმების მეორე ნაწილი არ შესრულდა, ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, 100-ჯერ გვაქვს ნათქვამი, 8 მარტამდეც და 8 მარტის შემდეგაც,"- განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რა მექანიზმით უნდა მოხდეს პატიმრების გათავისუფლება, მაშინ როდესაც "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ისინი მართლმსაჯულებაში ჩარევას არ აპირებენ, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში საკმარისად კვალიფიცირებული იურისტები არიან იმისთვის, რომ ეს კორექტული მექანიზმი მონახონ:

"არც ერთი პროცესი არ გამომიტოვებია იმ ადამიანების და სასამართლოში ჩარევა იქ უნდა გენახათ. საკმარისი რაოდენობის კვალიფიცირებული იურისტები ჰყავთ და არ გაუჭირდებათ კორექტული მექანიზმი მონახონ  იმისთვის, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი შეასრულონ, ჩვენ ჩვენის მხრივ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ საკონსტიტუციო პროცესში და ხმა მივცეთ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას,"- აღნიშნა ვაშაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ შეთანხმების ჩავარდნის შესახებ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს ნათელი გახდება პარტნიორი ქვეყნების განცხადებებიდან, რომელიც ამ შემთხვევაში გაკეთდება:

"თქვენ ნახავთ ვის დაეკისრება 100% პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველოს წაართვეს იმის საშუალება, რომ გადაედგა ნაბიჯი გაცილებით სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ," - აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ" ნაციონალური მოძრაობა" მზადაა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში იმ შემთხვევაშიც კი, თუ საარჩევნო სისტემა იგივე დარჩება.

დღის ამბები