31 ოქტომბერი 2020,   12:29
ვრცლად
ძალადობაზე მომუშავე ორგანიზაციებს თქმით, იზოლაციის პირობებში, სამართლებრივი დახმარებისთვის იმაზე მეტმა ქალმა მიმართა, ვიდრე სხვა დროს

იზოლაციას, როგორც მსხვერპლზე კონტროლის იარაღს, ბევრი მოძალადე მიმართავს. COVID - 19-ის და იზოლაციის პირობებში მოძალადისგან თავის დაღწევა შეუძლებელი ხდება. მეტიც, ხშირად მსხვერპლს საშუალება არ აქვს, დახმარება მოითხოვოს. არ აქვს შესაბამისი ტექნიკა ან საცხოვრებელ სახლში განმარტოების სივრცე, საიდანაც ის პოლიციაში დარეკავს.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში მათ სამართლებრივი დახმარებისთვის იმაზე მეტმა ქალმა მიმართა, ვიდრე სხვა დროს. მოძალადეები შექმნილ ვითარებას მსხვერპლზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებენ.

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია განსაზღვროს COVID–19-ზე ეროვნული რეაგირების პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, პრობლემის შესახებ აწარმოოს აქტიური საინფორმაციო კამპანია, შემუშავდეს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების გაფართოების სტრატეგია.

ოჯახში ძალადობას ფარულობა ახასიათებს და დუმილის, სტიგმისა თუ სხვა ფაქტორის გამო, რიგ შემთხვევებში, არ მჟღავნდება. ამიტომ, ზუსტი სურათი თუ რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ოჯახში ძალადობაზე, უცნობია. ექიმები ძალადობის იმ ფორმებზე საუბრობენ, რომლებიც COVID – 19-მა გააჩინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პანდემიის გავრცელების პირობებში ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდა არ შეინიშნება. უწყების ცნობით, 2020 წლის მარტში ოჯახურ კონფლიქტებსა და ძალადობასთან დაკავშირებით 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა თითქმის იდენტურია ამავე წლის იანვრის.

2020 წლის მარტში ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე უმეტესად პოლიციას თავად მსხვერპლმა მიმართა. ამავე პერიოდში კი შემაკავებელი ორდერი, უმეტესად, გამოიცა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა, პირველ რიგში, 112-ზე უნდა დარეკოს. შეზღუდვების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაგრძობენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები.

დღის ამბები