31 ოქტომბერი 2020,   11:56
ვრცლად
რუსეთში 1 დღეში კორონავირუსის 11 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ეპიდსიტუაცია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

რუსეთში, ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსით ინფიცირების 11 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კოვიდ-19 უკვე 209 688 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსს 88 ადამიანი ემსხვერპლა, რის შემდეგაც ინფექციის მსხვერპლთა რაოდენობა 1915-მდე გაიზარდა. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ერთი დღე-ღამის ზრდა 5.5 პროცენტი იყო, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება უკრაინას, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 110 ექიმს დაუდასტრუდა. სულ ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირდა ჯანდაცვის სფეროს თითქმის სამი ათასი თანამშრომელი, მათგან 21 გარდაიცვალა.

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კოვიდ-19-ის 522 შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 15 232 შემთხვევა, აქედან 1 056 ბავშვი და სამედიცინო სფეროს 2 964 წარმომადგენელია. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 391-ს შეადგენს, აქედან 15 ინფიცირებული ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 138-ით გაიზარდა. ბოლო ერთ დღეში, სომხეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში კი კოვიდ-19-ს ქვეყანაში 45 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფიცირების ზრდის მაჩვენებლები შემცირებულია მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 31 ადამიანი, იზრდება ინფიცირების შემთხვევები, თუმცა რამდენიმე დღეა, ლეტალობის ფაქტი არ დადასტურებულა.

კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკურმა მონაცემებმა იკლო თურქეთშიც, ინფიცირებულია 137 000-ზე მეტი პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 3 740-ს მიაღწია.

დღის ამბები