31 ოქტომბერი 2020,   12:14
ვრცლად
ეკა ბესელია 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტის მიღწეული შეთანხმებები შესრულდეს.

ეკა ბესელიას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მმართველ ძალას ეკისრება.

"ძალიან კარგად უნდა ესმოდეს მმართველ პარტიას, რომ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც 8 მარტს გაფორმდა, არის, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ კონსტიტუციურ ცვლილებას. ამაზე უარის თქმა არ შეიძლება, თუნდაც გაჭიანურებული სასამართლო პროცესების გამო.

მე მივესალმები, თუ ყველა ის ადამიანი დატოვებს საპატიმროს და პოლიტიკური ელფერი მოეხსნება ამ არჩევნების წინა პერიოდს," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. დიალოგში მონაწილე ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

დღის ამბები