27 ნოემბერი 2020,   16:19
ვრცლად
მკვლელობა გუდაურში - 6 პირის ადვოკატი მომდევნო პროცესზე მტკიცებულებებით სიმართლის დამტკიცებას აპირებს

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვსივე პირს თავისუფლების სანაცვლოდ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნაწილი ჯგუფური ძალადობის ბრალდებას ნაწილობრივ არ ეთანხმება და ამბობენ, რომ ისინი შემთხვევის დროს მერაბ კობიაშვილის განიარაღებას ცდილობდნენ. ბრალდებული ახალგაზრდების ადვოკატს იმედი აქვს, რომ მომდევნო პროცესზე, რომელიც 23 ივნისს ჩაინიშნა, მათ სიმართლეს მტკიცებულებებით დაადასტურებს.

"მოგეხსენებათ, რომ ცალკეულ ბრალდებულებთან სამართლებრივ შეფასებას არ ვეთანხმებით, რადგან მათი ნაწილი მოქმედებდა მხოლოდ დამნაშავის შეპყრობის მიზნით, ჩვენ ვეცდებით სასამართლოს მივაწოდოთ ის მტკიცებულებები, რომელიც ამას დაადასტურებს,"- აცხადებს ბრალდებულების ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი.

მერაბ კობიაშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავს რამდენიმე პირი დაესხა და ის მხოლოდ თავს იცავდა.

"ბრალდების მხარემ აღიარა, რომ თავს დაესხნენ მერაბ კობიაშვილს, შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცით, რომ 6 ან მეტი ადამიანი რომ დაგესხმევა თავს, შენ გაქვს უფლება, დაიცვა საკუთარი სიცოცხლე," - განაცხადა მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ

ცნობისთვის, 16 თებერვალს გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს განზრახ მკვლელობის მუხლით, ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

დღის ამბები