27 ნოემბერი 2020,   15:54
ვრცლად
4,05 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 277 000 გარდაცვლილი - COVID-19-ის ბოლო მონაცემები მსოფლიოში

4,05 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 277 000 გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო მონაცემები, საიდანაც ყველაზე მეტი გარდაცვლილი და ინფიცირებული შეერთებულ შტატებს ჰყავს.

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ პანდემიის ეპიცენტრია. COVID-19-ის ინფექციამ უკვე 77 000-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში სიკვდილიანობა გაიზრდება და ფატალური შემთხვევების რიცხვი 95 000-ს მიაღწევს. შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ უკვე გასცა ნებართვა კორონავირუსის იმ სახეობის ტესტებზე, რომელთა გამოყენებაც სახლშია შესაძლებელი. ტესტის ღირებულება 150 დოლარი იქნება.

შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა მცირდება ევროპის ქვეყნებში. ბოლო სამი კვირაა, ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს საფრანგეთში. იტალიაში კი გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 243 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 31 000-ს გადასცდა გაერთიანებულ სამეფოში. ქვეყანა ფატალური შემთხვევებით პანდემიის მსოფლიო რუკაზე მეორე ადგილს იკავებს.

მიუხედავად სტატისტიკის შემცირებისა, პანდემიის გამო ევროკომისია შენგენის ზონაში მოგზაურობაზე აკრძალვის გახანგრძლივებას 15 ივნისამდე გეგმავს. შესაბამისი რეკომენდაციით ორგანიზაციამ წევრ სახელმწიფოებს უკვე მიმართა. უკვე გადაწყვეტილია, რომ პირველ ეტაპზე საზღვრები შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს შორის გაიხსნება.

რთული მდგომარეობაა სამხრეთ ამერიკაში. პერუში მთავრობის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა კიდევ 2 კვირით გახანგრძლივდა. მკაცრი ზომები ხელისუფლებამ ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღო. ქუჩებში მოქალაქეების მიერ კარანტინის წესების დაცვას პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ.

მზარდი სტატისტიკის გამო 2 კვირით გახანგრძლივდება კარანტინი არგენტინაშიც. მთავრობის გადაწყვეტილებით, არგენტინაში ბავშვების გასეირნებას მშობლები მხოლოდ შაბათ-კვირას შეძლებენ და ისიც სპეციალური ნებართვის საშუალებით.

დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, COVID-19-ის შემთხვევები თითქმის აღარ ფიქსირდება ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ქვეყნის დედაქალაქში თითქმის 3 თვიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ სპორტული დარბაზები გაიხსნა. ზომების შემსუბუქების მიუხედავად, მოქალაქეები ვალდებული არიან დაიცვან სოციალური დისტანცია და გამოიყენონ პირბადეები. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპორტდარბაზში მისულ ნებისმიერ მსურველს თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს.

სტატისტიკა იზრდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. მხოლოდ ოკუპანტ რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 10 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 198 000-ზე მეტი ფაქტი ფიქსირდება. თურქეთში კი გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონვირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა. COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი ქვეყანაში სულ 4 000-ს აღწევს. 4 000-მდე გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები სომხეთში.

მსოფლიოში კორონავირუსისგან 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა.

დღის ამბები