06 დეკემბერი 2020,   04:58
ვრცლად
პანდემიის გამო დაპაუზებული ეკონომიკა - 11 მაისიდან საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტები იხსნება

თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტების გახსნას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევენ. ორშაბათიდან ყველა ტიპის წარმოება, სარეალიზაციო ცენტრი, რომელსაც ქუჩიდან იზოლირებული შესასვლელი გააჩნია, მუშაობას აღადგენს. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ნაბიჯი ეკონომიკური გამოცოცხლების კუთხით მათ მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს.

11 მაისის რეგულაციების მოხსნა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის მაღაზიებს და მოლებში შემავალ სავაჭრო ობიექტებს არ ეხებათ. მიუხედავად ამისა, მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ბიზნესთან ერთად ცხოვრებას ადამიანებსაც შეუმსუბუქებს. აკრძალვების შემსუბუქებასთან ერთად, მოქალაქეები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილის ვადამდელ განხორციელებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ეკონომისტებში. დარგის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ათასობით სამუშაო ადგილს კვლავ აღადგენს. მეორე ნაწილის აზრით კი მთავრობა გადაწყვეტილებებში არათანმიმდევრულია და მომიჯნავე სფეროების არაერთდროული აღდგენა დადებით ეკონომიკურ ეფექტს შეამცირებს.

მომიჯნავე სექტორების აღდგენას ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირებენ ხელისუფლებაში. პრემიერის ეკონომიკური მრჩეველი განმარტავს, რომ ვადამდელი შემსუბუქების პირველი ნაბიჯი ამ სექტორში დასაქმებულების ორ მესამედს შეეხება. რაც მოსახლეობის სოლიდურ ნაწილს შემოსავლის წყაროს დაუბრუნებს.

სავაჭრო რეგულაციებთან ერთად 11 მაისიდან დროებით ჩაკეტილი ქალაქების გახსნაც იწყება.

პანდემიის გამო დაპაუზებული ეკონომიკის აღსადგენად მთავრობამ ანტიკრიზისული სტრატეგია 24 აპრილს წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდვების მოხსნა ექვს ეტაპად უნდა განხორციელდეს.

დღის ამბები