24 ოქტომბერი 2020,   02:29
ვრცლად
პანდემიით მიღებული ზარალი, გამოცდილება და მოლოდინი - დაძლევს თუ არა კრიზისს ტურისტების გარეშე დარჩენილი ტურიზმის სექტორი

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გაჩერებული ტურიზმის სექტორი ასამუშავებლად ემზადება. 

კარი ღიაა, თუმცა სამასპინძლო ჯერ არავინ ჩანს. ექნება თუ არა ეფექტი სასტუმროების გახსნას სტუმრების გარეშე? ამ კითხვას ბევრ ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდსიტუაცია აჩენს, რის გამოც მოგზაურობა, შესაძლოა, შორეული პერსპექტივა იყოს. თუმცა, ისინი, ვინც სამოგზაურო ბიზნესში წლებია ოპერირებენ, მომავალს იმედის თვალით უყურებენ და თვლიან, რომ პირველ ეტაპზე, სულ მცირე, შიდა ტურიზმის ამუშავება საკმაოდ რეალურია.

ტურიზმის სექტორში ესმით ის, რომ ნებისმიერი პროგნოზი პირობითად გამოიყურება და გეგმა თუ ვადები, რომელიც დღეს ხელისუფლებამ წარმოადგინა, ჯერ მხოლოდ დოკუმენტია. თუმცა, მათ ოპტიმიზმს ის ამყარებს, რომ ბევრისთვის საკარანტინო ზონებად სასტუმროების გადაქცევა გარკვეულ გამოცდილებად და უპირატესობად იქცა, რადგან იმ სტანდარტებში მუშაობას შეეჩვივნენ, რაც მალე მსოფლიოს მთავარი მოთხოვნა გახდება. ქვეყნის ყველაზე ცნობილი მასპინძლები გვიხსნიან თუ რასთან შეგუება მოუხდათ ამ დროის განმავლობაში და რა შეუძლიათ შესთავაზონ მათ შორის უცხოელ ტურისტებს, რომლებსაც მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ქვეყნებიდან მაინც ელოდებიან.

ტურიზმის სექტორი ქალაქებისა თუ საჰაერო სივრცის გახსნას, შიდა თუ საერთაშორისო ტურიზმისთვის შესაძლებლობების მომზადებას დროულად მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ იგი ნაწილობრივ ტურისტულ სეზონს ემთხვევა. ელიან სირთულეებს, განსაკუთრებით კი მომდევნო 3 თვის განმავლობაში და არ აქვთ ილუზია, რომ ცნობილი დანიშნულების ადგილები მალევე გახდება ისეთი ხალხმრავალი, როგორიც ადრე იყო, მით უმეტეს, რომ ვირუსმა ოჯახებს ფინანსური ზიანიც მიაყენა. ამიტომ სფეროს ექსპერტები ქვეყანაში სტუმრების ჩამოსაყვანად სწორ კამპანიას მიიჩნევენ აუცილებლობად - რეკლამირება ქვეყანას ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს.

ისინი, ვინც მსოფლიოს ჩვენს ქვეყანას აცნობენ, მალე გადამზადდებიან, თუმცა ნებაყოფლობით. გიდებს, სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ახალი მიდგომების ათვისება მოუწევთ, ზუსტდება დეტალები. ტურიზმის ასოციაცია სექტორულ პრობლემებს პრაგმატულად უყურებს და ბევრ სიახლესთან შესაგუებლად ემზადება.
აქ ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე შეღავათები მეტ-ნაკლებად საკმარისად გამოიყურება, შემდგომ ეტაპებზე სექტორს უფრო სერიოზული დახმარებაა დასჭირდება.

ტურიზმის აღდგენის ეკონომიკურ გეგმას განსახორციელებლად დრო სჭირდება. დრო სჭირდება პანდემიის სრულ დამარცხებასაც. უცხოელი ტურისტების სტუმრობამდე კი ტურისტული ორგანიზაციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ადგილობრივებს ეპატიჟებიან.

დღის ამბები