24 ოქტომბერი 2020,   01:34
ვრცლად
ტარდება სამხედრო აღლუმი, რომელიც უკანონო ძალის დემონსტრირებაა და ქმნის ინფექციის გავრცელების საფრთხეს - ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე ტარდება სამხედრო აღლუმი, რომელიც უკანონო ძალის დემონსტრირებაა და ქმნის ინფექციის გავრცელების საფრთხეს. ქეთევან ციხელაშვილი მოუწოდებს ოკუპირებულ  ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ თავშეყრის ადგილებში მისვლისაგან.

მინისტრის განცხადებით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს წვდომა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ყველაზე მოწყვლად პირებს ოკუპირებულ ახალგორსა და ცხინვალის რეგიონში გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება.

"ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში კოვიდ ინფიცირებული პირების შესახებ, რაც არ არის მოულოდნელობა. არც ის არის სიახლე, რომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემა არ არის გამართული და ვერ აწვდის ხარისხიან მომსახურებას მოსახლეობას. მე მინდა იმედი გამოვთქვა და ვუსურვო ჩვენს მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება. აქვე ხაზგასმით და კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდ ​ინფიცირებულებს. ადგილზე იცით, რომ წვდომა არის შეზღუდული. ვთანამშრომლობთ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს ეს წვდომა და ახლა მუშაობს იმისთვის, რომ ყველაზე მოწყვლად პირებს ახალგორში და დანარჩენ ცხინვალის რეგიონში გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება. გარდა ამისა, დამატებითი შემზღუდავი ზომები, რომლებიც დაანონსდა როკზე, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში მოაქცევს მოსახლეობას, რომელიც ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაშია.

არის კიდევ ერთი ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეის მდგომარეობითაც, ტარდება სამხედრო აღლუმი, რომელიც არა მხოლოდ უკანონო ძალის დემონსტრირებას ახდენს, არამედ ქმნის ძალიან რეალურ საფრთხეს ინფექციის გავრცელების. მინდა ვთხოვო მოსახლეობას და მოვუწოდო, რომ დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ აი ამ რთულ პერიოდში მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სხვებს,"-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები