24 ოქტომბერი 2020,   01:14
ვრცლად
უსაფრთხოა თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისთვის პრეპარატები, რომელთა გამოყენებას კვლევები ითვალისწინებს

გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის მახასიათებლები არის უცნობი, ფარმაკოლოგები ამბობენ, რომ ყველა კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია.

"კურიერთან“ საუბარში ფარმაკოლოგები საუბრობენ იმაზე, რომ ჩამონათვალში არსებული მედიკამენტები ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას შეამცირებს. საუბარია COVID-19-ის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების კვლევაზე, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს. 4 პრეპარატს შორის არის ​"პლაქვენილი“, "რემდესივირი“, "ლოპინავირ ლიტონავრი“ და "რინდეფეროლი

ინფექციონისტები ამბობენ, რომ "რემდესივირს“, რომელიც ებოლას წინააღმდეგ გამოიყენება და ასევე მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება შიდსის საწინააღმდეგოდ, გვერდითი ეფექტებიც ახასიათებს, თუმცა, ეს დამოკიდებულია პრეპარატის მიღების ხანგრძლივობაზე. 

"კლინიკური კვლევების შედეგები იქნება იმედისმომცემი და მოგვცემს დადებით შედეგებს. იგივე ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შემცირების თვალსაზრისით და რა საკვირველია, სიკვდილობის მაჩვენებლის შემცირების მიმართულებით.

ყველა წამალს აქვს გვერდითი ეფექტები. თუ ადამიანს აქვს რაიმე თანმხლები დაავადებები და ასევე, აღენიშნება, პრეპარატის მიღების გარეშე გამტარებლობის დარღვევა, რასაკვირველია, საფრთხილოა მისი გამოყენება და ეს მკურნალმა ექიმმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

იქნება მონიტორინგი ელექტროკარდიოგრამის, ღვიძლის, თირკმლის ფუნქციების. შეგვიძლია, მაქსიმალურად შევამციროთ გვერდითი მოვლენების განვითარების საფრთხე,“ - განმარტა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ.

საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების კვლევაში ჩაერთვება. შეთავაზება ქვეყანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღო. საუბარია სულ 4 მედიკამენტზე, რომელსაც კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა ქვეყნები აქტიურად გამოიყენებენ. უკვე დაწყებულია კონსულტაციები. 

როდის დაიწყებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პროცესს და ბრძოლას COVID-19-ის წინააღმდეგ ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები