24 ოქტომბერი 2020,   02:17
ვრცლად
შეუქმნის თუ არა საფრთხეს COVID-19 საარჩევნო ცვლილებებს - არჩევნებამდე 6 თვე და ბევრი კითხვაა დარჩენილი

არჩევნებამდე 6 თვე და ბევრი კითხვაა დარჩენილი. 31 ოქტომბერს საქართველომ მე-10 მოწვევის პარლამენტი უნდა დააკომპლექტოს, თუმცა როგორ, რა სისტემით, დაწესებული შეზღუდვებით თუ მის გარეშე, - სხვა კითხვებთან ერთად ეს კითხვები კორონავირუსულმა პანდემიამ გააჩინა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც საგანგებო მდგომარეობის მეორე ვადა დაიწყო და ჩანს, რომ არც მესამეს გამორიცხავენ.

მმართველი გუნდი მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარს განიხილავს, რომელთაგან არც ერთში ახალი სისტემით არჩევნებს საფრთხე არ ემუქრება.

ირაკლი კობახიძის მიერ ჩამოთვლილი რამდენიმე სცენარი არ აკმაყოფილებს არასამთავრობო ორგანიზაციას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღეს მმართველ გუნდს მათთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ოპოზიციასთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად ყველა შესაძლო განვითარების სცენარის კარგად დამუშავებისკენ მოუწოდა. მესამე სექტორის ნაწილი შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადებასაც ითხოვს, რომელიც შეზღუდვების პირობებში კენჭისყრის სრულფასოვნად ჩატარების შესაძლებლობას შექმნის იმისთვის, რომ არჩევნების ლეგიტიმაციამ კითხვები არ გააჩინოს.

საარჩევნო მომავალზე სიცხადე რომ ხელისუფლებამ უნდა გააჩინოს, იზიარებენ ოპოზიციაშიც, სადაც "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ ნაბიჯებში სამომავლო საფრთხეებს ხედავენ. მაგალითად, თვლიან, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებით ხელისუფლებამ არჩევნებზე გააკეთა გათვლა და ექსკლუზიური საარჩევნო კამპანია მოიწყო, სადაც აღარ დარჩა სივრცე ოპოზიციისთვის. მმართველი გუნდის ოპონენტები არჩევნების ირგვლივ არსებულ ყველა კითხვაზე პასუხებს დაუყოვნებლივ ითხოვენ.

"ოცნება" სრულ მზადყოფნას აცხადებს იმისთვის, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან ერთად იმუშაოს ქვეყნის დემოკრატიული პროცესების წარსამართად, შექმნას მოთხოვნილი გარანტიები და უკეთ დაამუშაოს საარჩევნო კოდექსი. გუნდში ამბობენ, რომ პანდემიის ირგვლივ დასკვნებს ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტები აკეთებენ და სწორედ მათზეა ბევრი რამ დამოკიდებული, თუმცა იმედოვნებენ, რომ ვირუსის გავრცელების კლებადი ტენდენცია არჩევნების დათქმულ ვადაში ჩატარების შესაძლებლობას გააჩენს, რაც მათი თქმით, ხელისუფლების ინტერესშივეა.

საარჩევნო კოდექსში ბოლო შეთანხმების ასახვისთვის დრო ჯერ კიდევ რჩება, ცვლილებები არჩევნებამდე 3 თვით ადრე უნდა მიიღონ.

დღის ამბები