24 ოქტომბერი 2020,   02:04
ვრცლად
ქსენოფობიური განცხადებები - არასამთავრობოების შეფასებით, პანდემიის დროს მსგავსი განცხადებები სიძულვილის კამპანიის ნაწილია

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ქსენოფობიური  კომენტარები სიძულვილის კამპანიის ნაწილია, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის წითელ ზონად გამოცხადების შემდეგ დაიწყო. აქტუალური გახდა გზავნილი, რომ ვირუსთან ბრძოლა თავად COVID- 19-თან დაპირისპირებას გულისხმობს და არა ადამიანებთან. 

არასამთავრობოთა შეფასებით, მოქალაქეთა ნაწილი ვირუსის გავრცელებას კონკრეტული თემის კულტურას უკავშირებს და კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის მიმართ აშკარა სიძულვილს და მიუღებლობას გამოხატავს.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი თემების მიერ სახელმწიფო ენის ცოდნა მნიშვნელოვნად დაბალია. დამატებით, რეგიონებში ინფორმაციაზე ნაკლები წვდომა მოქალაქეების სოციალურ და კულტურულ იზოლაციას იწვევს. ვირუსის გავრცელების ფონზე კი ეს ყველაფერი კიდევ უფრო მწვავედ გამოჩნდა.

ქსენოფობიურ ტალღაზე საუბრობს სამოქალაქო პლატფორმა "სალამიც". აქტივისტები ამბობენ, რომ სახელმწიფომ ეთნიკური უმცირესობები გარიყა, მათი ნაწილის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა არ გაითვალისწინა და საინფორმაციო კამპანია თავდაპირველად მხოლოდ ქართულ ენაზე აწარმოა. შესაბამისად, გავრცელებული ცნობები ეთნიკური აზერბაიჯანელების ყურადღების მიღმა დარჩა.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში კომუნიკაცია რომ პრობლემური იყო, ამას პრემიერის დავალებაც მოწმობს. გიორგი გახარიამ დღეს გუბერნატორებს ინფორმაციის მიწოდების კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაავალა. 

 

 

 

 

დღის ამბები