06 დეკემბერი 2020,   04:46
ვრცლად
ექიმების მოტაცება, დაშინება, იძულებით გაჩუმება და ბიოლოგიური მასალების განადგურება - საერთაშორისო გამოძიების შედეგები ცნობილია

ექიმების მოტაცება, დაშინება და იძულება გაჩუმებულიყვნენ; ბიოლოგიური მასალების და კორონავირუსის ნიმუშების განადგურება - როგორ მოქმედებდა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის დროს? საერთაშორისო გამოძიების შედეგები ცნობილია.

5 ქვეყნის სპეცსამსახურებმა საიდუმლო ინფორმაციასა და სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით გამოძიება ჩაატარეს. დასკვნა სკანდალურია. საგანგაშოა ის ინფორმაცია, რომელსაც შტატები, კანადა, ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია ავრცელებენ. დასკვნაში წერია, რომ ჩინეთმა ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს მიზანმიმართულად დამალა და უხანის პროვინციაში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მტკიცებულებები გაანადგურა.

ისევ ამერიკულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით BBC წერს, რომ უცხოელი ჯაშუშები ინტერესდებიან ვაქცინით, რომელიც შტატების ტერიტორიაზე იქმნება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის რბოლა მსოფლიოში პიკს აღწევს, ქვეყანაში კი ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა სტაბილურად მზარდია, ნიუ-იორკის გუბერნატორმა COVID-19-ის გავრცელების მთავარი კერის, მეტროპოლიტენის, სპეციალური ხსნარებით დასუფთავება დაიწყო.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა იზრდება ევროპაშიც, 1 555-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი ესპანეთში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსს 164 ადამიანი ემსხვერპლა. ესპანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება, ახალი რეგულაცია ძალაში ორშაბათიდან შევა. შემთხვევათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა გერმანიაში, ქვეყანაში 119 ახალი ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა და დღემ ლეტალურ შემთხვევათა გარეშე ჩაიარა. იტალიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მონაცემები ახალი ინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით კვლავ არ განახლებულა.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, კორონავირუსის პანდემიის გამო სიტუაცია დღითიდღე მძიმდება რუსეთში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 135 000-ს აღწევს. COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 10 633-ით გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 57 პაციენტი. მოსკოვის მერის განცხადებით, შესაძლოა ქალაქმა ნიუ-იორკის ბედი გაიზიაროს. იმავეს ამბობს რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთში იტალიის სცენარის შესაძლო განმეორების შესახებ ისაუბრა.

სულ უფრო მცირდება შემთხვევათა რაოდენობა პანდემიის პირვანდელ ეპიცენტრში. ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევა გამოვლინდა. არ დაფიქსირებულა ლეტალობის არც ერთი ფაქტი. ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი ზედიზედ 5 დღეა, არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები