27 ნოემბერი 2020,   16:23
ვრცლად
სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირებიდან ორი კვირის შემდეგ მეუფე იობმა დუმილი დაარღვია - მიტროპოლიტი გამოძიების ვერსიას არ ენდობა

რა ხდება რუის-ურბნისის ეპარქიაში, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთ სკანდალში გაეხვა. მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა დღეს პირველად დაადასტურა, რომ მონასტრის წევრ მღვდლებს შორის შეირაღებული დაპირისპირება მოხდა და ამის მიზეზად ალკოჰოლური თრობა დაასახელა. რა გახდა სასულიერო პირებს შორის ჩხუბის მიზეზი, მეუფე დეტალურად არ ჰყვება, თუმცა არ უარყოფს, რომ 20 აპრილს კონფლიქტი ყინწვისის მონასტერში დაიწყო და სიტუაცია ადგილზე თავად განმუხტა.

რუის-ურბნისის ეპისკოპოსი ადასტურებს, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მღვდელი დავით აქიაშვილი მისი შვილობილი და ახლო გარემოცვის წევრი იყო. რატომ გადაადგილდებოდა ის ცეცხლსასროლი იარაღით, ამ კითხვაზე მიტროპოლიტს პასუხი არ აქვს. თუმცა აცხადებს, რომ მისმა შვილობილმა მღვდელმა ჰაერში ისროლა და მკვლელობის მოტივი არ ჰქონია. მეუფე იობი გამოძიების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს და სამართალმცველებს საქმის ობიექტურად გამოძიებას სთხოვს.

მეუფე იობის განცხადებით, სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მან დაპატიმრებულ სასულიერო პირს საეკლესიო მსახურება შეუჩერა. მიტროპოლიტის თქმით, სინოდის სხდომაზე საკითხის განხილვის აუცილებლობა აღარ არსებობს.

განიხილავს თუ არა წმინდა სინოდი სასულიერო პირებს შორის მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას - ამ კითხვაზე არც პატრიარქის თანამოსაყდრე შიოს აქვს პასუხი. მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ნაწილი გამოძიების დასრულებას ელოდება.

განსხვავებული პოზიცია აქვს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს. მეუფე გერასიმეს თქმით, საქმეზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს, რის შემდეგაც გაირკვევა, განიხილავს თუ არა ამ საქმეს წმინდა სინოდი.

შეიარაღებული დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის 20 აპრილს მოხდა. მამა დავით კობაიძემ მისივე მეგობარ სასულიერო პირს ცეცხლი სოფელ რიეთის ტერიტორიაზე გაუხსნა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცველებმა დაზინებული ავტომობილი და 10 მასრა ამოიღეს. ბრალდებული მღვდელი სამართალდამცველებმა მომხდარიდან მეშვიდე დღეს დააკავეს და ის ახლა წინასწარ პატიმრობაშია.

დღის ამბები