06 დეკემბერი 2020,   06:09
ვრცლად
დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პარლამენტს მიმართეს და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის აღდგენა მოითხოვეს

პარლამენტი მუშაობას მხოლოდ საგანგებო რეჟიმის დასრულების შემდეგ გააგრძელებს. ოპოზიციის ინიციატივას მმართველი გუნდი უარით პასუხობს. უმრავლესობა თვლის, რომ ახლა ქვეყნისთვის პრიორიტეტი პანდემიასთან ბრძოლაა. "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომელმაც პლენარული სხდომების და საკომიტეტო მოსმენების აღდგენა მოითხოვა, დამოუკიდებელი დეპუტატებიც იზიარებენ. 

დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებით, პარლამენტს თავადაც მიმართეს და საპარლამენტო მუშაობის აღდგენა მოითხოვეს, ვინაიდან ახლა, როგორც არასდროს საჭიროა საკანონმდებლო ზედამხედველობა მთავრობის ქმედებებზე და ის, რომ საკოორდინაციო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე ადამიანი მუშაობს, არ ნიშნავს, რომ პროცესებში პარლამენტი არის ჩართული. ამიტომ, ისინი ითხოვენ, პარლამენტმა მუშაობა დაუყოვნებლივ, რეკომენდაციების დაცვით დაიწყოს.

"მე არ მაინტერესებს ვის რა საარჩევნო კამპანია აქვს. მე მაინტერესებს ის, რომ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს ქვეყანაში თავისი როლი ჰქონდეს და თავის როლს ასრულებდეს და უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს როლი დაკნინებულიყო, სამწუხაროდ ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში რა მდგომარეობაშიც პარლამენტი არის, არ მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ქვეყნის ამ კრიზისული ვითარების განტვირთვაში, ეს მიუღებელია ნამდვილად. ის, რომ 2-3 დეპუტატი არის უწყებათაშორის კომისიაში წარმოდგენილი, ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი, როგორც საკანონმდებლო ორგანო არის სადმე წარმოდგენილი," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ეკა ბესელია კი, სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს, რომლის ფარგლებშიც უფრო დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი მთავრობის ყველა ნაბიჯი, ყველა დახარჯული ლარი უნდა იყოს შესწავლილი იმისათვის, რომ საზოგადოებას და პარლამენტს ჰქონდეს ზუსტი სურათი, თუ როგორ მუშაობს საქართველოს მთავრობა პანდემიის რეჟიმში.

"მივმართე ცოტა ხნის წინ პარლამენტს წინადადებით, რომ საგანგებო სხდომაზე შეიქმნას სპეციალური კომისია. დროებითი კომისია COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მონიტორინგისთვის. ეს განხილვები, მათ შორის ანტიკრიზისული გეგმის, ჯანდაცვის სტრატეგიის, ადამიანის უფლებების შეზღუდვის ფაქტების, სწორედ პარლამენტის მიერ უნდა კონტროლდებოდეს და ვისაც არ ესმის, რომ პარლამენტი ამ დროს უნდა იყოს ძალიან აქტიური, უბრალოდ არ იცის რა არის პარლამენტი," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები