31 ოქტომბერი 2020,   12:39
ვრცლად
ჩაკეტილი ქალაქები, დახურული ობიექტები და გაჩერებული ტრანსპორტი - ოპოზიციისთვის შეზღუდვების ნაწილი აბსურდულია 

"ევროპული საქართველო" მთავრობას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს და ეკონომიკის სწრაფად გახსნას მოითხოვს. პარტიაში ფიქრობენ, რომ შეზღუდვების ნაწილი აბსურდულია და მისი აღსრულებაც შერჩევითად ხდება.

"ევროპული საქართველოს" მოთხოვნას პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყანა ახლა იმ ფაზაშია, როცა ყველაზე მეტად უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები და შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად ეპიდსიტუაციის მიხედვით უნდა მოხდეს.

ქალაქების დაკეტვის და დაწესებული შეზღუდვების გამო, მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობდნენ დღეს "ნაციონალურ მოძრაობაშიც". პარტიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვების გამო გლეხები მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ, ამის გამო კი ბაზრებში პროდუქტების ფასები გაიზარდა.

ეკონომიკური საქმიანობის გახსნის საკუთარი გეგმა აქვს "ახალი საქართველოს" ლიდერს და ამბობს, რომ საზოგადოებას მომავალ კვირას წარუდგენს საკუთარ ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის განახლება.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მოთხოვნას იზიარებენ მოძრაობა "ლელოშიც", თუმცა ამბობენ, რომ ეკონომიკის სწრაფად გახსნაზე მეტად, მნიშვნელოვანია ის, თუ რა ინიციატივები ექნება მთავრობას დარგის გადასარჩენად.

შეზღუდვების უფრო სწრაფი ტემპით შემსუბუქებას არ გამორიცხავენ მთავრობაში, თუმცა ამისთვის ეპიდემიოლოგების დასკვნა სჭირდებათ და სწორედ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული შემსუბუქდება, თუ პირიქით მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება მოუწევს მთავრობას.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი ქვეყნის მასშტაბით 21 მარტს დაწესდა და 21 აპრილამდე იყო განსაზღვრული, თუმცა ვირუსის ფართოდ გავრცელების შესაკავებლად ის კიდევ ერთი თვით 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

დღის ამბები