29 ოქტომბერი 2020,   06:16
ვრცლად
ეკონომიკურად აქტიური სუბიექტები კრიზისიდან დროულად გამოსასვლელად ხელისუფლებისგან რადიკალურ ნაბიჯებს ელოდებიან

გადასახადის გადამხდელთა კავშირი მთავრობის მხრიდან ბიზნესსექტორის ნაწილის რეკომენდაციების იგნორირებაზე საუბრობს. გაერთიანებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის 12 პუნქტია ჩამოთვლილი, რომელთა უმრავლესობაც, მათი თქმით, მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოხვდა.

კავშირი ხელისუფლებისგან საერთაშორისო დახმარებების პირობებზე და ასევე იმაზე, თუ რატომ გადანაწილდა სოციალური პაკეტების უმრავლესობა 6 თვეზე - განმარტებას ელოდება. ისინი ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას, ბიზნესებისთვის ქონების გადასახადის გადავადებას, ხოლო ტურიზმის სექტორის ამ გადასახადისგან საერთოდ გათავისუფლებას ითხოვენ. მოთხოვნის ერთი ნაწილი საპენსიო შენატანების შეჩერებას ეხება.

ბიზნესის მიზნობრივი და დროული დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრიც. ნათია თურნავას თქმით, სექტორის მხრიდან წარმოდგენილი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმაში უკვე გათვალისწინებულია, თუმცა შესაძლოა რეკომენდაციები, რომლებიც ვერ მოხვდა დოკუმენტში, პოსტკრიზისულ პერიოდში აამოქმედონ.

ვიდრე ქვეყანაში პოსტკრიზისულ პერიოდში გასატარებელ ღონისძიებებზე დაიწყება ფიქრი, ბიზნესის ნაწილი კიდევ ერთხელ საუბრობს იმ საჭიროებებზე, რაც მათ კრიზისიდან შედარებით ნაკლები დანაკარგით გამოიყვანს.

ბიზნესსექტორის უმრავლესობას გაცნობიერებული აქვს, რომ კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელზე დაბრუნება გაუჭირდება. ეს კი დამოკიდებულია მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ამიტომ აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების დახმარება პირდაპირ აისახება მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

ეკონომიკურად აქტიური სუბიექტები კრიზისიდან დროულად გამოსასვლელად ხელისუფლებისგან უფრო რადიკალურ ნაბიჯებს ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ მთავრობის შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებით შეძლებენ საკუთარი ინტერესების ისე გატარებას, რომ სახელმწიფო არ დაზარალდეს.

დღის ამბები