24 ნოემბერი 2020,   04:36
ვრცლად
აგრარული ბაზრები დახურულია - ხელისუფლება მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის კომუნიკაციის დამყარების საკითხზე მუშაობს

​კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, როგორც გარე, ისე შიდა ვაჭრობა შეუფერხებლად, თითქმის ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ტერიტორიაზე "კურიერის" გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ, ბაზრის ადმინისტრაციამ სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.

აგრარული ბაზრების დახურვამ პრობლემები შეუქმნა იმ დასაქმებულებს, რომელთა ერთადერთი შემოსავალი გაყიდული პროდუქციით მიღებული თანხა იყო. მოვაჭრეების თქმით, დროის სიმცირის გამო, მათ მალფუჭებადი პროდუქტების გაყიდვა ვერ მოასწრეს.

თბილისთან შედარებით, აგრარული ბაზრები კიდევ უფრო ადრე დაიხურა რეგიონებში. ხელმძღვანელობა ობიექტის დროული ამუშავების საკითხზე მსჯელობს, მოვაჭრეები კი ამ შემთხვევაშიც გაფუჭებულ პროდუქტებზე საუბრობენ.

მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პარალელურად, ხელისუფლება მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის კომუნიკაციის დამყარების საკითხზე მუშაობს. ამით კი, ფერმერებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათის ბითუმად მიწოდების შესაძლებლობა ეძლევათ.

მიუხედავად იმისა, რომ აგრარული ბაზრები მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურულია, შესაძლებელია, რამდენიმე ობიექტმა მუშაობა კვლავ განაახლოს. ეს ინიციატივა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის, თუმცა ამ შემთხვევაში უწყება დასაქმებულებს უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებას ავალდებულებს.

უკვე დღეიდან, აგრარული ბაზრების ხელმძღვანელებთან ერთად მუშაობა დაიწყო ხელისუფლების შესაბამისმა სამსახურებმაც. ბაზრების ფუნქციონირება სურსათის ეროვნული სააგენტოს პროტოკოლის შესრულებითა და ვირუსის გავრცელების ყველა შესაძლებლობის აღმოფხვრის პარალელურად უნდა დაიწყოს.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენ ხანში და რომელი ბაზრების ხელმძღვანელები შეძლებენ სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას. COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა აგრარული ბაზარი გაურკვეველი ვადით დახურულია.

დღის ამბები