27 სექტემბერი 2020,   05:29
ვრცლად
COVID-19-ის ახალი შემთხვევები საქართველოში - როგორია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

სწრაფი ტესტების საქართველოში გამოცდამ, პირველივე ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებულთა მონაცემები  შეცვალა.

22 კვირის ორსული პირველი პაციენტია, რომელზეც ჩინეთიდან საჩუქრად მიღებულმა ტესტმა მძიმე ინფექციური დაავადება დაადასტურა. ბოლნისში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი სამშობლოში 15 მარტს აზერბაიჯანიდან დაბრუნდა. ექიმები ახლა ცდილობენ დააზუსტონ, დაინფიცირებულმა COVID- 19 სხვა ქვეყნიდან შემოიტანა თუ მარნეულსა და ბოლნისში გააქტიურებული ჯგუფის ერთ-ერთი მსხვერპლია.  

ორსულს, სავარაუდოდ, კონტაქტი ჰქონდა მარნეულში პირველად ინფიცირებულ 62 წლის ქალთან. თითქმის 1 კვირიანი კვლევის შემდეგ, სპეციალისტები გავიდნენ კვალზე, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში უმართავი პროცესების მიზეზი გახდა.

დღემდე ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდ ჯგუფად მარნეულის გარდა, სპეციალისტები თბილისში 11 მარტის სამგლოვიარო სუფრას მიიჩნევენ, სადაც 100-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამ ჯგუფთან კონტაქტის გამო დღეს ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ერთი არასრულწლოვანი მოხვდა. 2 წლის ბავშვზე ლუგარის ლაბორატორიამ კორონავირუსი დაადასტურა.

საქართველოში უკვე ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმეც იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირდებიან. ყველაზე მეტი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ჰყავს, სადაც დღეს დილით კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ერთი დამოუკიდებელი წყაროა, რომელიც შეერთებულ შტატებში დაავადდა.

67 წლის მამაკაცი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოსთვის პირველი დადასტურებული შემთხვევაა. პაციენტი საქართველოში თურქეთიდან ჩამოვიდა. იმავე ისტორიით სამეგრელოში 4 ახალი საეჭვო პაციენტი დღის ბოლოს დაემატა. 

ირკვევა, რომ თურქეთიდან სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გადმოსული მოქალაქეები ვირუსის გავრცელებისთვის დიდი რისკის მატარებლები არიან. ასეთი მარშრუტით კიდევ ერთი პაციენტი მოხვდა ბათუმის ბოქსირებულ განყოფილებაში. მასთანაც დადასტურდა, რომ მაღალი ტემპერატურა კორონავირუსის გამო ჰქონდა. 

ქვეყნის მასშტაბით სულ 8 მიმღები კლინიკაა, რომლებიც COVID 19-ით ინფიცირებულ პაციენტებს იღებს. 

ავტორი: ნინო ფუტკარაძე, ქეთა გამრეკლიძე 

დღის ამბები