27 სექტემბერი 2020,   17:59
ვრცლად
დაწესებულებები, რომლებიც ვირუსის მიუხედავად მუშაობას აგრძელებენ - ბიზნესს ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება უწევს

სპეციალური ტრენინგები დასაქმებულებისთვის და COVID-19-ის გამო შეცვლილი სამუშაო გრაფიკი სამშენებლო ობიექტების ახალი რეალობაა. ბიზნესსექტორს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მუშაობას განაგრძობს, ახალ ეკონომიკურ გამოწვევებთან და კორონავირუსთან გამკლავება ერთდროულად უწევს. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საგანგებო რეჟიმის მიუხედავად, მათი ბიზნესსაქმიანობის დაშვება, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად როგორც ქვეყანას, ისე თითოეულ მოქალაქეს დაეხმარება.

მშენებლებთან და დეველოპერებთან ერთად საქმიანობას უწყვეტად განაგრძობენ სამშენებლო მასალების მიმწოდებელი კომპანიებიც. ამბობენ, რომ რეკომენდაციების საფუძველზე დასაქმებულთა ნაწილი დისტანციურ საქმიანობაზე გადაიყვანეს. ბიზნესის წარმომადგენლები "კურიერთან" აცხადებენ, რომ COVID-19-სგან თავის დასაცავად ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.

მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობენ მომსახურების საკურიერო კომპანიებიც. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ყველა კვებითი ობიექტი დახურულია და გამოძახების სისტემაზეა გადასული, კურიერებს ყოველდღიურად მუშაობა ორმაგი დატვირთვით უწევთ. ამბობენ, რომ მათ საქმიანობაში, პასუხისმგებლობასთან ერთად, გაზრდილია უსაფრთხოების მოთხოვნებიც. 

საქართველოს რეგიონებისა და თბილისის შემოგარენის უწყვეტი ელექტრომომარაგებისთვის, საკარანტინო რეჟიმში მუშაობს "ენერგო-პრო ჯორჯიას" სადისპეტჩერო. კომპანიის გადაწყვეტილებით, რისკებისგან თავის ასარიდებლად, ხუთი დისპეტჩერი მუდმივად იქნება ენერგო-პრო ჯორჯიას სადისპეტჩერო ოთახებში, სადაც უკვე ყველა საცხოვრებელი პირობაა შექმნილი.

მუშაობის განსხვავებულ პირობებზე არიან გადასული ალკოჰოლის მწარმოებელი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებიც. საგანგებო მდგომარეობის დროს ყველა მათგანმა საწარმოების ტერიტორიაზე შესვლა უცხო პირთათვის აკრძალა. ბიზნესმენების თქმით, სამუშაო ადგილების და ეკონომიკის რეცესიის შესაკავებლად, საწარმოების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. ბიზნესსაქმიანობის ნაწილის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობაზე "ღამის კურიერში" ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმაც. 

მეოთხე დღეა, საქართველო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესებით ცხოვრობს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ გამონაკლისი ბიზნესსაქმიანობა ხორციელდება. ქვეყანას და ბიზნესს ამ რეჟიმში ცხოვრება სავარაუდოდ 21 აპრილამდე მოუწევს.

დღის ამბები