26 ნოემბერი 2020,   03:19
ვრცლად
პრემიერის ბრიფინგის შინაარსსა და გამოცემულ დეკრეტზე დატანილ ტექსტს შორის უდიდესი ცდომილებაა - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას განმარტებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამოცემულ დეკრეტზე დატანილ ტექსტს შორის, განსხვავებაა.

როგორც მელიამ "ღამის კურიერში" სტუმრობისას აღნიშნა, 10 კაცამდე თავყრილობის შეკრების შეზღუდვა არა რეკომენდაცია, არამედ ვალდებულება უნდა ყოფილიყო.

ნიკა მელიას შეფასებით, სინამდვილეში ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.

"ძალიან უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. დღეს დილით ჩატარებული პრემიერ-მინისტრის ბრიფინგის შინაარსსა და გამოცემულ დეკრეტზე დატანილ ტექსტს შორის უდიდესი ცდომილებაა. გახარია საუბრობდა შეზღუდვებზე, რომელიც ეხებოდა, მათ შორის, თავშეყრის ადგილებს, სადაც ხაზი გაუსვა, რომ 10 კაცამდე იზღუდება თავყრილობები ყველა ფორმატში. მოგვიანებით, ჩვენ ვიგებთ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ პრეზდენტის გამოცემული დეკრეტის შემდეგ, ეს შეზღუდვა არ არის.

რეკომენდაციები დღემდე იყო გაცემული არა ერთი და დღეს ეს რეკომენდაციები უნდა ქცეულიყო ვალდებულებად. ეს შეზღუდვა 10 კაცამდე თავყრილობისა უნდა ამოქმედებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა გამოვიდა, ეს ყველაფერი არ ამოქმედდა. ანუ, არ მიეცა ამას სავალდებულო ხასიათი და ხელისუფლებამ მის მიერ გადადგმული ნაბიჯით დამატებითი პანიკა გამოიწვია. სინამდვილეში, არაფერი არ შეცვლილა ხომ... როდესაც ვსაუბრობთ თავყრილობებზე, ვგულისხმობთ ყველა ფორმატს, ყველა ორგანზიაციას, ყველა სამსახურს," - აღნიშნა ნიკა მელიამ.

 

დღის ამბები