29 ოქტომბერი 2020,   05:24
ვრცლად
თურქეთში, სტიქიის ეპიცენტრში მეზობელი ქალაქებიდან სამაშველო ეკიპაჟები და დამატებითი ტექნიკა ჩაერთო

პარასკევის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში სამაშველო ღონისძიებები უწყვეტად გრძელდება. მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1600-ზე მეტი დაშავებულია.

4000-ზე მეტი მაშველი უკვე 46 საათია ურთულეს პირობებში სამაშველო ოპერაციას აწარმოებს. სტიქიის ეპიცენტრში მეზობელი ქალაქებიდან სამაშველო ეკიპაჟები და დამატებითი ტექნიკის მობილიზება მოხდა. სამძებრო ოპერაციაში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია ავიაციაც.

სტიქიის ზონაში ადგილობრივი მთავრობის დასახმარებლად ჩავიდნენ მეზობელი პროვინციების მმართველებიც. მასშტაბური ნგრევის და ქალაქში შექმნილი რთული ვითარების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება ზარალის ოდენობის დადგენა.

ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თურქეთის პრეზიდენტმა. საგანგებო პრესკონფერენციაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტიქიის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს დახმარებას დაჰპირდა.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში პარასკევს საღამოს მოხდა. მას მალევე მოჰყვა განმეორებითი ბიძგები და შენობების ნგრევა. მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო, რომელიც დედაქალაქ ანკარადან 550 კილომეტრში მდებარეობს. სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებით მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოში, კვიპროსზე, სირიასა და ირანში.

დღის ამბები