09 აგვისტო 2020,   00:03
ვრცლად
ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიაში - გიორგი გახარიამ დავოსში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ოკუპაციაზეც ისაუბრა 

დავოსში გამართულ შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო და ოკუპაცია იყო. შვეიცარიის საკურორტო ქალაქში დღეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა, რომელშიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.

ფორუმი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლით გაიხსნა. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.  

მანამდე კი გიორგი გახარიას 30-მდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ხასიათის. უკვე შედგა რამდენიმე პირისპირ მოლაპარაკება - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიეტუვას პრეზიდენტს და ესტონელ კოლეგას შეხვდა. გიორგი გახარიამ საქართველოს მხარდაჭერისთვის სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის საკითხებს.

მანამდე საქართველოს პრემიერი ბულგარელ კოლეგასაც ესაუბრა. ორი ქვეყნის მეთაურებმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიას და დელეგაციის წევრებს დღესვე შეხვედრა ჰქონდათ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან. ქართული დელეგაციის წევრების თქმით, EBRD საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია.  

"შეხვედრებზე საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ჩვენმა პარტნიორებმა მტკიცე მხარდაჭერა განაცხადეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე, რა თქმა უნდა, ისინი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობენ იმ ოკუპაციას, რომელი ოკუპაციის ქვეშაც დღეს იმყოფება ჩვენი სახელმწიფო,“ - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა.

შეხვედრების შესახებ საუბრობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

"გამოვყოფდი შეხვედრას EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტთან. როგორც ყოველთვის, მან მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს. ამას გარდა, გამოვყოფდი შეხვედრას ბულგარეთის პრემიერ- მინისტრთან, სადაც დაწვრილებით განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო დააკავშირებდა საქართველოს და ბულგარეთს," - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

დღის ამბები