30 ოქტომბერი 2020,   03:10
ვრცლად
დეფაქტო რეჟიმები არ უნდა აკავებდნენ ადამიანებს - ჟენევის თანათავმჯდომარეთა მთავარი გზავნილი

დეფაქტო რეჟიმები არ უნდა აკავებდნენ ადამიანებს - ასეთია ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა გზავნილი. ისინი მოუწოდებენ რუსეთს, საოკუპაციო რეჟიმს, რომ გაათავისუფლოს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც უკვე ერთი 1 თვეა ცხინვალის იზოლატორში, უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის გათავისუფლებაა მთავარი საკითხი, რაზეც საქართველოს ხელისუფლება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში აქცენტს გააკეთებს.

"ყველაზე მწვავედ სწორედ დავსვამთ ექიმი გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს და იმ ფაქტს, რომ ის დღემდე იმყოფება ცხინვალის იზოლატორში. ეს იქნება მთავარი საკითხი, რომელსაც საქართველოს დელეგაცია დააყენებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გრძელვადიან პერსპექტივაში მივაღწიოთ იმას, რომ თანდათანობით გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობა უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ჩვენი დიპლომატიის მთავარი ამოცანა და ეს არის ჩვენი პარტნიორებთან მუშაობის მთავარი ამოცანა,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარასელიამ.

"ყველა იმ ნაბიჯიდან გამომდინარე, რომელიც გადავდგით ამ დროის მანძილზე, რა თქმა უნდა, გვაქვს იმის იმედი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს უპირობოდ გაათავისუფლებენ ცხინვალის იზოლატორიდან, იმიტომ, რომ არ შეიძლება ეს რეალობა დიდხანს გაგრძელდეს. ეს არის ექიმი, უდანაშაულო ადამიანი, რომელიც თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება. იმედი გვაქვს, მალე დასრულდება მისი პატიმრობა და ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს დაუბრუნდება. კონკრეტულ ვადაზე რთულია ილაპარაკო,"- განაცხადა შერიგებისა საკითხებში მინისტრის აპარატის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი გაიხსნა.

 

დღის ამბები