28 ნოემბერი 2020,   01:12
ვრცლად
შევეცდები უმრავლესობა ჩავაყენო იმ მდგომარეობაში, რომ მოთხოვნა გაითვალისწინონ - ხუნდაძე მაჟორიტარულ სისტემაზე 

საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას არ ეთანხმება. თუმცა ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდეს და ახლა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან, აცხადებენ, რომ ხალხის ხმა იქნება მთავარი ბერკეტი, რის საფუძველზეც შეძლებენ თანაგუნდელების გადარწმუნებას.

დიმიტრი ხუნდაძე და მისი თანამოაზრეები საპროცედურო კომიტეტისგან ​შესაბამისი ბლანკების მიღებას ელოდებიან, რათა ინიციატივის დასარეგისტრირებლად მოსახლეობის ხელმოწერები შეაგროვონ.

"არ ვუპირისპირდები ბიძინა ივანიშვილს, არ ვუპირისპირდები საკუთარ გუნდს, მაგრამ საკუთარი გუნდის იმ ნაწილს, რომელიც ვერ ითავისებს იმ პასუხისმგებლობას, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ასეთმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ, მოვუწოდებ, აიღონ ეს პასუხისმგებლობა და გამოასწორონ საკუთარი შეცდომა. უმრავლესობა არ დაიშლება, მაგრამ შევეცდები, რომ უმრავლესობა ჩავაყენო იმ მდგომარეობაში, რომ გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ჯანსაღ პროცესად მიიჩნევს მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ასევე სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა.

"ეს არის ჯანსაღი პროცესი, მე რომ ჩემს აზრზე ვარ და ბატონი ბიძინა თავის აზრზე და სხვადასხვა დეპუტატებს თავისი აზრი გააჩნიათ. ამიტომაც ვარსებობ პოლიტიკაში, ვერც ერთი ადამიანი ვერ მიმითითებს, რა უნდა გავაკეთო," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

ავტორი:  ლელუკა ჯავახიშვილი

დღის ამბები