28 ნოემბერი 2020,   01:15
ვრცლად
ნინო ბურჯანაძის განმარტება, მოიხადა თუ არა ბოდიში "გავრილოვის ღამის" გამო 

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე განმარტავს, რუსეთში ვიზიტის დროს მოიხადა თუ არა ბოდიში 20-21 ივნისში განვითარებული მოვლენების გამო.

ბურჯანაძის თქმით, მან მწუხარება გამოთქვა აღნიშნულ მოვლენებთან და პროტესტის გამოხატვის ფორმებთან დაკავშირებით.

"სამწუხაროა, რომ სტუმარს ორი წელი ეხვეწები ჩამოდიო და მერე  შენივე უტვინობის გამო ისეთი ვითარება იქმნება ქვეყანაში, რომელსაც ელემენტარულად ვერ ალაგებ და ვერ უხსნი საზოგადოებას და ვერ უხდი ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროა ის, რაც ამას მოჰყვა. თუმცა პოლიტიკურად მოჰყვა ის პოზიტივი, რომ ახალგაზრდების წყალობით ჩვენ მოვიპოვეთ პროპორციული არჩევნების შესაძლებლობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, იქ  ადამიანებმა თვალი დაკარგეს.

ბოდიში არ მომიხდია, ეს იყო წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაც მოჰყვა ამ პროცესებს, კონკრეტულად აქციის დარბევასთან დაკავშირებით, ასევე  პროტესტის გამოხატვის იმ უკიდურესად უზრდელურ ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ზოგიერთმა კონკრეტულმა ადამიანმა გამოხატა და ქართველებს ეს ნამდვილად არ ეკადრება ," - აღნიშნა ბურჯანაძემ მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ.

დღის ამბები