28 ნოემბერი 2020,   00:39
ვრცლად
"გვიღებდნენ ზაფხულის ტანსაცმელში" - რას ყვება "კურიერთან" პორნოინდუსტრიის მსხვერპლი გოგო 

ბავშვთა პორნოგრაფია, დანაშაულებრივი ქსელი და მშობლები, რომლებიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილების პორნოგრაფიული ფოტო-ვიდეო მასალით ვაჭრობდნენ - არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე პოლიციამ დღეს დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი გამოავლინა.

"კურიერი" ესაუბრა ერთ-ერთ არასრულწლოვანს, რომელიც პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო-ვიდეო გადაღებებში მშობლების თანხმობით მონაწილეობდა. 

არასრულწლოვანი გოგონა დასთან ერთად პორნოგრაფიულ მასალაში რამდენჯერმე გადაიღეს. ბავშვების ასაკი 10-დან 13 წლამდეა. გოგონა ყვება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე მამაკაცი ფოტოებს საზაფხულო ტანსაცმელსა და ქუსლიან ფეხსაცმელში უღებდა და ამისთვის დედას კონკრეტულ თანხას უხდიდა. არასრულწლოვანი ამბობს, რომ ეჭვი ოჯახს უცხოელი მამაკაცის საქმიანობასთან დაკავშირებით მოგვიანებით გაუჩნდა.

ბავშვის დედა სხვა ბრალდებულებთან ერთად დღეს დააკავეს. მას სამართალდამცავები შვილის პორნოგრაფიულ მასალებში გადაღებაში ადანაშაულებენ. ბავშვების ბებია ყვება, რომ მის რძალს დანაშაულთან კავშირი არ აქვს. ქალის ინფორმაციით, მათ ბოლომდე ეგონათ, რომ ბავშვების ფოტოები ამერიკულ საბავშვო ჟურნალში იბეჭდებოდა.

დედები, მამები და მასწავლებელი - გორსა და მიმდებარე სოფლებში სპეცოპერაცია ერთდროულად ჩატარდა, დაკავებულია 11 ადამიანი. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი ქალი "კურიერის" კამერამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მთავარ სამმართველოში გადაყვანისას გადაიღო.

შვილების პორნოგრაფიაში ჩართვაში ბრალდებულების ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატები ყვებიან, რომ მშობლების ინფორმაციით, ფოტოსესიებს სექსუალური ხასიათი არ ჰქონდა, ამიტომ ისინი ვერ აცნობიერებდნენ, რომ საქმე დანაშაულთა ჰქონდათ.

ფოტოსესიებისთვის ბავშვები მშობლებს სოფლებიდან თბილისში, ორ ბინაში მიჰყავდათ. "კურიერი" დღეს ორივე მისამართზე მივიდა. ბინა დაკეტილია. დაკავებულთა ნათესავები ამბობენ, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ არც მათ და არც ბრალდებულებმა იცოდნენ და ისინი გაუგებრობაში აღმოჩნდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, დანაშაულებრივი ქსელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმართებოდა და ბავშვთა პორნოგრაფიული მასალა თბილისიდან რამდენიმე ქვეყანაში ვრცელდებოდა. ამავე ჯგუფის წევრები სამართალდამცავებმა 3 თვის წინაც დააკავეს, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნების მშობლები, ამერიკის და ავსტრალიის მოქალაქეები, ასევე უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.

საქმეზე სულ დაკავებულია 22 პირი. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები