28 ნოემბერი 2020,   00:45
ვრცლად
რუსეთი, როგორც NATO-ს მთავარი საფრთხე - რა შეფასებები მოჰყვა ალიანსის რეზოლუციას ექსპერტულ წრეებში

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი 29 ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღო, სადაც მთავარ საფრთხედ კიდევ ერთხელ სწორედ რუსეთია დასახელებული. ამავე დოკუმენტში NATO-მ ბალტიისპირეთსა და პოლონეთის თავდაცვის სისტემების გაძლიერების გეგმა დაამტკიცა.

NATO-ს მიერ რუსეთის მთავარ საფრთხედ დასახელებას, გამოხმაურება მოჰყვა საქართველოშიც.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ რუსული საფრთხე კვლავ რჩება NATO-ს ერთ-ერთ გამოწვევად, როგორც მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის, ასევე, ბირთვული ხელშეკრულებიდან გასვლის გამო:

"ის აგრესიული ქმედებები, რომელსაც რუსეთი ეწევა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ, ასევე ახალი საშუალო რადიუსიანი რაკეტების განთავსება და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამოსვლა, რომელიც ბირთვულ გაუვრცელებლობას და ბირთვული რაკეტების შეზღუდვას უკავშირდება, აღნიშნულია, როგორც ერთ-ერთი გამოწვევა. ამას ემატება, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობა იყო შეფასებული, როგორც რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ოპერაცია, რუსული საფრთხე კვლავ რჩება NATO-ს ერთ-ერთ გამოწვევად და NATO ითხოვს რუსეთისგან იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც მან აიღო საერთაშორისო ვალდებულებების კუთხით," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა მიიჩნევს, რომ საქართველომ ეს პოლიტიკური მზაობა თავისი მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს:

"არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმაც მსოფლიო კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ მნიშვნელოვანია ხმა აიმაღლოს და ამ დონეზე რუსეთის საფრთხის ხაზგასმა მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და პოლიტიკური მზაობა ჩვენი მიზნებისთვის, ჩვენი გაწევრიანების გზაზე წინ წასვლისთვის. იმედია ამას ექნება კონკრეტული შედეგები,"- განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

დღის ამბები