24 ოქტომბერი 2020,   04:29
ვრცლად
ელექტრონული და სიმფონიური მუსიკის სინთეზი - ბრიტანელი მუსიკოსი ანა მერედიტი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე 

ბრიტანულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორულ ხმად წოდებული ანა მერედიტი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, 5 მუსიკოსით, რამდენიმე მუსიკალური საკრავით და 1 პირადი კომპიუტერით წარსდგება. 

სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე კომპოზიტორი და პროდიუსერი, რომლის ნამუშევრები თანამედროვე კლასიკას, არტ-პოპს, ელექტრონულ მუსიკას და ექსპერიმენტულ როკს აერთიანებს, თბილისში ბრიტანული სეზონის ფარგლებში ჩამოვიდა.

ანა მერედიტი საკუთარ ელექტრონულ ალბომს, რომელიც 10 კომპოზიციას მოიცავს, საიმონ დობსონის დირიჟორობით თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად შეასრულებს.

ანა მერედიტმა კლასიკური მუსიკის სამყაროში წარმატებული კარიერის შემდეგ, თავისი პირველი სადებიუტო ალბომი, Varmints, გამოუშვა, რომელმაც კრიტიკოსების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ჯილდოს მფლობელიც გახდა.

ანას ბენდის შემადგენლობა ვირტუოზი მუსიკოსებისგან შედგება, თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი კი 15-დან 28 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებს აერთიანებს. მათი პირველი მუსიკალური სიმბიოზი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რამდენიმე მუსიკალურ მიმართულებას აერთიანებს. ორკესტრისთვის მსგავს ექსპერიმენტულ წარმოდგენაში მონაწილეობა და ელექტრონულ მუსიკასთან შეხების პირველი გამოცდილებაა. 

ტიტულოვანი ბრიტანელი მუსიკოსის გარდა, ბრიტანული სეზონის ფარგლებში, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო და ბრიტანეთის საბჭო ერთობლივად ახორციელებს, დეკემბრის ბოლომდე 60-ზე მეტი წარმოდგენის და სპეციალური ღონისძიებების გამართვას გეგმავს.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი. 

დღის ამბები