29 ოქტომბერი 2020,   05:54
ვრცლად
20 ივნისის აქციაზე დაკავებული ბუდაღაშვილი, პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს

20 ივნისის აქციაზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს. ხმაურიანი განცხადება, ბუდაღაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა. ბრალდებულმა დღეს სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების მხრიდან მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ისაუბრა.

ბუდაღაშვილის თქმით, მისგან თავისუფლების სანაცვლოდ, საქმეში ბრალდებულ პოლიტიკურ ლიდერებთან კავშირის აღიარებას ითხოვდნენ. პატიმარი მზადაა, დაინტერესების შემთხვევაში პროკურატურასთან ითანამშრომლოს და მის მიერ დასახელებული პირების შესახებ დეტალური ჩვენება მისცეს.

სასამართლოზე გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს ზურაბ ბუდაღაშვილის დედა. როგორც მაგული ბუდაღაშვილმა "კურიერთან" საუბრისას გაიხსენა, თვეების განმავლობაში მისი ოჯახის წევრების დევნა ხორციელდებოდა. პოლიციის მხრიდან თვალთვალზე ისაუბრა დღეს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაკავებული ბესიკ თამლიანის დედამაც.

ბუდაღაშვილის განცხადების საფუძველზე პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს დაკავებულების ადვოკატი. ვახტანგ იაშვილმა დღეს სახალხო დამცველსაც მიმართა და საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

გამოძიების დაწყება მოითხოვეს ბრალდებულის განცხადებების საფუძველზე ოპოზიციის წევრებმა, რომლებიც დღეს სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ. როგორც ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, ბუდაღაშვილი და მასთან ერთად ბრალდებული სხვა პირები პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან.

დანაშაულის ნიშნების დადგენის შემთხვევაში, გამოძიების დაწყების პირობას დებს ბუდაღაშვილის საქმის პროკურორი. დღეს გამართული პროცესის შემდეგ ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ ბრალდების მხარე და სასამართლო შესაბამისი ზომების მიღებას აპირებს.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა მომდევნო სასამართლო პროცესი 4 დეკემბერს გაიმართება. საქმეზე დაკავებული 17 პირისგან ამ დროისთვის საპატიმროში 5 ბრალდებული რჩება.

დღის ამბები