29 ოქტომბერი 2020,   05:52
ვრცლად
ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა - ოპოზიციური პარტიები ხვალ დილიდან პარლამენტის პიკეტირებას აანონსებენ

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა უცვლელია - ხვალ დილის 8:30-დან პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყება. გადაწყვეტილება "ახალი საქართველოს" ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერების ნაწილი დაესწრო. მათ შორის "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი" და "ლელო".

ლიდერების განცხადებით, ეს სამუშაო შეხვედრა იყო, რომელზეც ტექნიკური გეგმა განიხილეს.

პიკეტირების მიზნით არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ მიმდებარე ქუჩებზეც მოქალაქეები დილიდანვე დაიწყებენ შეკრებას და მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძვრებიან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ის საზოგადოებრივი მოძრაობების "შეცვალე", "სირცხვილია" და "გაბედე" წარმომადგენლები. ისინი პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას ხვალისთვის აანონსებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებამ შეწყვიტა საზოგადოებასთან დიალოგი, როდესაც განაცხადა, რომ დიალოგს აზრი არ აქვს.

"ჩვენი ამოცანაა სწრაფი რეაგირება, რომ ამ უგუნურმა და სამარცხვინო ლიდერმა და მისმა პოლიტიკური მონების გუნდმა უფრო სახიფათო სცენარამდე არ მიგვიყვანოს. ახლა უნდა აღადგინონ დიალოგი საზოგადოებასთან, გადადგან ნაბიჯი და მიიღონ პროპორციული არჩევნები," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ მიეცემა კომფორტული პოლიტიკური ცხოვრების შესაძლებლობა მანამ, სანამ სამართლიან პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ მიტაცებულ პირობას არ დააბრუნებენ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე უმრავლესობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ მივიდნენ ხვალ პარლამენტში და პიკეტირებაც არ იქნება.

"როგორც დღეს უქმე დღედ გამოაცხადეს პარლამენტის სამუშაო დღე და სახლებში ფულის სათვლელად დარჩნენ, რაც ფული აქვთ ნაშოვნი, შეუძლიათ ხვალ თვლა გააგრძელონ და გემრიელად წამოწვნენ, რაც ახასიათებთ, მათი სტანდარტი ეს არის. არ მოვიდნენ პარლამენტში და პიკეტირებაც არ იქნება, თუ მოვლენ პარლამენტში იცით რაც იქნება," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება "ლელოს", მათი პოზიცია კვლავ უცვლელია. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, პიკეტირების იდეას არ იზიარებენ, თუმცა ხვალ პარლამენტთან დაგეგმილ პროტესტს მშვიდობიანი ფორმით შეუერთდებიან.

დღის ამბები