29 ოქტომბერი 2020,   06:53
ვრცლად
პანკისში მომხდარ მკვლელობაზე "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი ერთი თვის წინ დაიწყო.

როგორც პანკისში აცხადებენ, ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ თანასოფლელების შერიგების პროცესში უხუცესები უნდა ჩართულიყვნენ და ხვალისთვის საერთო შეკრება იყო დაგეგმილი.

ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. ერთ ვერსიით, კონფლიქტის მიზეზი გვარებს შორის დაპირისპირებაა, მეორე ვერსიით კი, მომხდარის მიზეზი ჰესების მშენებლობა იყო.

"კურიერთან" საუბრისას უხუცესები წლების წინ დაწყებულ გვარებს შორის დაპირისპირებას იხსენებენ. მათივე თქმით, ჰესების მშენებლობაზე პრობლემა ნამდვილად იყო, თუმცა ამბის მსგავს დასასრულს არავინ ელოდა.

დაღუპულის ცხედარი უკვე სახლში გადაასვენეს. 3 დაჭრილიდან ორი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება, ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს და თბილისში გადაიყვანონ. ამ ეტაზპე  უცნობია, რომელ კლინიკაშია გადაყვანილი მესამე დაჭრილი, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლით ძებნილია.

დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილ პირს ხუთი მცირეწლოვანი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა.

ტრაგედიას მალხაზ მაჩალიკაშვილი ეხმაურება. მაჩალიკაშვილი მომხდარში ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს, მისი განცხადებით, მომხდარზე პასუხი მთელმა ხელისუფლებამ უნდა აგოს.

"პირდაპირ ვუკავშირებ ამ ყველაფერს უშიშროებას. ამიტომ პასუხი უდნა აგოს მთელმა ხელისუფლებამ, ქისტები ვართ ერთი მთლიანი ოჯახი. აქ გვარები არაფერ შუაშია," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები