24 ოქტომბერი 2020,   05:26
ვრცლად
ეს ტრაგედია იმ მოვლენებს უკავშირდება, რომელიც პანკისში ბოლო დროს განვითარდა - გიგა ბოკერია

პანკისის ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიას პოლიტიკური პარტიების ლიდერები გამოეხმაურნენ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, აღნიშნული ტრაგედია პირდაპირ კავშირშია რამდენიმე თვის წინ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან.

"ამ ტიპის ტრაგედია ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ავტომატურად იმაზე საუბარი, რომ მთავრობაა პასუხისმგებელი არ არის სწორი. მაგრამ ყველა მონაცემით, რაც გააჩნია მედიას, საზოგადოებას, ჩვენც, ეს ტრაგედია პირდაპირ უკავშირდება იმ მოვლენებს, რომელიც პანკისის ხეობაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ განვითარდა. ის ატმოსფერო, რომელიც არის პანკისის ხეობაში, არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილისა და მისი სამარცხვინო რეჟიმის," - განაცხადა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით კი, აღნიშნული ფაქტები ხელისუფლების მმართველობის გვერდითი ეფექტია. მისივე შეფასებით, რეგიონებში ქაოსი გაღრმავდა.

პანკისში ხეობაში საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წარმომადგენლები ჩავიდნენ. "ლელოს" წევრის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "ქართული ოცნება" ქვეყანას კრიზისებით მართავს და მისი მოსაზრებით, ხეობაში დატრიალებული ტრაგედია სწორედ ჰესების მშენებლობის საკითს უკავშირდება.

პანკისის ხეობაში კონფლიქტი ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის მოხდა. დაპირისპირების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა 3.

"კურიერის" ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი, მურად ქავთარაშვილია, რომელიც რუსეთის მიერ ინტერპოლით ძებნილია.  

დაჭრილები  თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დღის ამბები