06 დეკემბერი 2020,   06:01
ვრცლად
ოჯახური ძალადობის მსხვერპლად ქცეული უფლებადამცველი დეპუტატი - სოფიო კილაძემ მასზე ზეწოლის ფაქტი "კურიერს" გაუმხილა

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებების მთავარი დამცველი თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი. სოფიო კილაძემ დღეს "კურიერთან" მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა პოლიციას ორი კვირის წინ მიმართა და შემაკავებელი ორდერი მოითხოვა. მმართველი ძალის გუნდის წევრი უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მის მიმართ ყოფილი ქმარი ფიზიკურადაც ძალადობდა.

"დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. ამასთანავე, მე ვუფრთხილდები  გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემს არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტერესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ, არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, თუ აქვთ ნანახი შემაკავებელი ორდერი, იქ იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობა," - განუცხადა სოფიო კილაძემ "კურიერს".

სოფიო კილაძის ყოფილი ქმარი, რომელთანაც ჯერ კიდევ იურიდიულ ქორწინებაშია, ავთანდილ ხარაძეა. დეკლარაციის მიხედვით, 31 წლის ხარაძე თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია და 2017 წელს ინსპექტორის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. "კურიერთან" გულახდილი ინტერვიუს შემდეგ კილაძემ მედიასთან კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

"ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც გავაკეთე ის კომენტარი, რომელიც გავაკეთე, იყო ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული ძალიან უღირსი პოსტი, სადაც პირდაპირ სიცრუე გავრცელდა. რომ არ მოჰყოლოდა ამას ცალკე სპეკულაციები, ამ სპეკულაციების დასასრულებლად გავაკეთე კომენტარი, რომელიც გავაკეთე. უმორჩილესად გთხოვთ, ჩემი ახლობელი ადამიანების ემოციური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი,"- განაცხადა სოფიო კილაძემ.

ქალთა მიმართ ძალადობა დაგმო და დეპუტატს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა,"-  წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ოპოზიციის წევრები გენდერული და პოლიტიკური ნიშნით ძალადობის ფაქტებს იხსენებენ. დეპუტატები სოლიდარობას უცხადებენ კოლეგას და მიაჩნიათ, რომ მმართველი ძალის მხრიდან ძალადობის წახალისება არ უნდა მოხდეს და თავდაცვის სამინისტრომ დისციპლინური მოქმედებები უნდა განახორციელოს.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მართალია, კანონმდებლობა ოჯახური ძალადობის კუთხით გამართულია, თუმცა, მისი აღსრულება პრობლემად რჩება. ბესელიას თქმით, საჭიროა პრობლემურ ქალაქებსა და რეგიონებში ამ თემაზე აქტიურად დაიწყოს მუშაობა. 

კანონის აღსრულებას მთავარ პრობლემად მიიჩნევს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინათინ ბოკუჩავაც. ბოკუჩავას შეფასებით, პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური და გენდერული ნიშნით ძალადობის წახალისება მუდმივად ხდება.

ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე სოფიო კილაძეს სოლიდარობას უცხადებს. სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქალთა მიმართ ძალადობა განსაკუთრებული პრობლემაა. კაპანაძემ ამის დასტურად პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი დაასახელა.

სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ ძალადობის თემაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათ 600-მა მოქალაქემ მიმართა. სახალხო დამცველის მოადგილე ამტკიცებს, რომ ხშირად ძალადობის მსხვერპლი იძულებულია იმ ოჯახში დაბრუნდეს, სადაც მასზე ძალადობენ, რადგან ფინანსურად ოჯახის წევრებზე დამოკიდებულები არიან. ეკა სხილაძე ამბობს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ მსხვერპლის მიმართ დაცვისა და დახმარების როლი გააძლიეროს.

"არ დამალო ძალადობა, ილაპარაკე" - "საია" ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც დაზარალებულებს ღიად მოუწოდებს. სულხან სალაძის თქმით, აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა პასუხისმგებლობა სახელმწიფომაც გაითავისოს და განახორციელოს ყველა საჭირო მექანიზმი იმისთვის, რათა ძალადობის მსხვერპლმა ინფორმაცია არ დამალოს. ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებში კი ამბობენ, რომ აუცილებელია მსხვერპლთან და მოძალადესთან ფსიქოლოგებმა იმუშაონ, ასევე აუცილებელია, რომ სახელმწიფომ უფასო იურიდიული მომსახურების საშუალება შექმნას.

მოძალადეების შეკავების ერთ-ერთი საშუალება ორდერთან ერთად, შესაძლოა, სამაჯურიც გახდეს. მმართველი ძალა ამ ინიციატივას უახლოეს პერიოდში განიხილავს. სავარაუდოდ, საკითხის განხილვა, პირველ რიგში, სოფიო კილაძის კომიტეტში მოხდება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პირველი დეპუტატი ქალი აღმოჩნდა, რომელმაც ოჯახში ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ღიად ისაუბრა.

დღის ამბები