06 დეკემბერი 2020,   05:21
ვრცლად
ავარია თუ მკვლელობა - 18 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი ისევ გაურკვეველია

112-ში განხორციელებული ერთი სატელეფონო ზარი ზვიად კოჩუაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მამაკაცი, რომელმაც სასწრაფო დახმარების ჯგუფი, ხელთუბნის გზაზე, 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გადასარჩენად გამოიძახა, ამავე საქმეზე გამოძიებამ მკველობაში დაადანაშაულა. 

ბრალდებული, რომელიც საპატიმრო სასჯელისგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში დროებით თავისუფალია, ფიქრობს, რომ ეს დანაშაული გამოუძიებელი დარჩება. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და იხსენებს, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი მამაკაცი, რომელსაც თავზე მძიმე ჭრილობები ჰქონდა, უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ბრალდებულის დაკავების დღიდან საქმე გახსნილად გამოაცხადეს, მაგრამ გამოძიებას ამ დრომდე უჭირს მყარი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსთვის. ზვიად კოჩუაშვილის ადვოკატი ელოდება, რომ საბოლოო განაჩენით ბრალდებულს დანაშაული მოეხსნება და ის საპატიმროს აღარ დაუბრუნდება.

ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე თუ განაჩენი გამამართლებელი დადგება, პროკურატურას მოუწევს გამოძიება დაიწყოს იმ ვერსიაზე, რაზეც უკვე წელიწადნახევარია შვილმკვდარი მშობლები საუბრობენ.

საკუთარი ეჭვები დაზარალებულებს ექსჰუმაციამ და განმეორებითმა ექსპერტიზამაც განუმტკიცა. თავისა და კისრის არეში მიყენებულ მძიმე ჭრილობებზე რამდენიმეტონიანი სიმძიმის კვალი არსად ჩანს.

გამოძიება თვალს ხუჭავს და არ ინტერესდება, რა ჭრილობებზე საუბრობდა გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე 18 წლის ახალგაზრდა, როდესაც 112-ში დარეკა და თქვა, რომ დაჭრილია. ამ აუდიოჩანაწერის ნამდვილობა ექსპერტიზითაც დადასტურებულია. 

შეუცვლის თუ არა პროკურატურა საქმეს კვალიფიკაციას, ჯერ უცნობია. საგამოძიებო უწყება სასამართლოს საბოლოო განაჩენს ელოდება.

დღის ამბები